ნინო ბურჯანაძე: ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო და ვუთხრა, ოქროს დროს ვკარგავთ

ქართული ანდაზაა,

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

„არ შევაფასებ თავად თიბილოვის განცხადებას, სრულიად ნათელია ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი ძალიან კრიტიკული პოზიცია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკასთან მიმართებაში კონფლიქტურ რეგიონებთან”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, წლების განმავლობაში კატეგორიულად მოითხოვდა და რეკომენდაციებს აძლევდა ხელისუფლებას, რომ დაწყებულიყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარესთან.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას დროულად რომ დაეწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარესთან, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა და მსგავსი ტიპის განცხადებები არ გაკეთდებოდა. კიდევ ერთი და ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლებისა – ის კვლავ ხელს იშვერს დასავლეთისკენ. ჩვენი ხელისუფლების განცხადებები იყო უსუსური და ყველა განცხადება იყო მიმართული იმისაკენ, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რომ ჩავაყენეთ, რა? ჩვენ რას ვაკეთებთ, გარდა იმისა რომ შევცქერით დასავლეთს? არ ცხელა დღეს დასავლეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს, არავინ არ გააკეთებს“-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული პოზიცია და გაკეთებული განცხადებები არაადექვატურია იმ განცხადებებთან მიმართებაში, რომელიც გაკეთდა რუსეთის მხრიდან.

„პირველი შემთხვევაა და ჩემი ვიზიტების შემდეგ ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო ჩემთვის, როდესაც რუსულმა მხარემ ფრთხილი და საქართველოსთვის სასარგებლო განცხადებები გააკეთა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ შეიმჩნია, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლებას რუსეთთან საუბარი მხოლოდ იმ თემებზე აწყობს, სადაც მისი კომერციული ინტერესებია, ხოლო ის, რაც ქვეყნის ინტერესებს ეხება, იქ ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამს. მე ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო და ვუთხრა, ოქროს დროს ვკარგავთ“- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: მთავარ პროკურორორობაზე შემოთავაზება, ან კონსულტაციები არ ყოფილა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: გიორგი ბადაშვილი წარმატებული მთავარი პროკურორია