ნინო ბურჯანაძე: თუ ივანიშვლს ჰგონია, რომ ხალხი ღარიბაშვილზე გაბრაზდება და ბიძინას მადლობელი დარჩება, ძალიან ცდება”

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგესპოლიტიკოსთა როლები გაიცვალა. თავის დროზე ოპოზიციისგან დისკრედიტებული ნინო ბურჯანაძე სამიზნე იყო სწორედ იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ბადრი ბიწაძე გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ, რაც მაშინ `ახალი მემარჯვენეების” მხრიდან აღქმული იყო ინტერესთა კონფლიქტის მწვერვალად. სწორედ ამის გამო ბადრი ბიწაძეს მოუხდა თანამდებობის დატოვება. დღეს კი ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო ფაქტს, როდესაც ხელისუფლებაში მოსული `რესპუბლიკური პარტია” ერთი ოჯახიდან იკავებს ორ წამყვან პოზიციას ხელისუფლებაში, რაზეც პოლიტიკური სპექტრი დუმს და თქვენ წარმოიდგინეთ, `ნაციონალური მოძრაობაც” კი…
`დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე `კვირის ქრონიკას” კითხვებს პასუხობს.
_ ქალბატონო ნინო, როგორ აფასებთ ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს?
_ ვიდრე ამ ცვლილებებზე ვისაუბრებდეთ, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და ყველას მივულოცო 9 მაისი, სიმბოლურია, რომ თქვენ ჩემთან ინტერვიუს სწორედ ამ დღეს იწერთ. სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით უმადური თაობა და არ მივაგეთ საკადრისი პატივი მათ, ვინც ფაშიზმზე გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ კითხვას, მოხდა ის, რაც არ გვინდა დავიჯეროთ, მაგრამ ეს არის ფაქტი. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, ეს არ არის არანაირად დემოკრატიული ქვეყანა, თუ იმას გვაყვედრიან, რომ არ ვართ ტერორში, როგორც ეს `ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო, ამისთვის ამ ხელისუფლებას მადლობას ვუხდით და ვუფასებთ, აღარ არის შიშის სინდრომი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენ გვერქვას დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ ორი წლის მანძილზე არ შექმნილა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, სრულიად ნათელია, რომ პრემიერი არის ნომინალური ფიგურა, ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც მან მეორე დღეს გამოაცხადა. სრულიად ნათელია, რომ კულუარებში გადაწყდა სამთავრობო ცვლილებები, კონკრეტულად კი ის გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ქვეყნის კულუარებიდან მართვა, ეს არის ტრაგედია. რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთი გიკარნახებს თავდაცვის მინისტრის დანიშვნას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები? ჩვენ ვართ მძიმე მდგომარეობაში, როცა უცხო ქვეყნის კარნახით ვმოქმედებთ, დიახ, ნამდვილად არაადეკვატური მთავრობა იქნა წარდგენილი. არა მგონია, ჭკუათმყოფელი ადამიანი სამთავრობო ცვლილებას ადეკვატურად თვლიდეს, როცა იცვლება ინფრასტრუქტურის, გარემოს, სპორტის მინისტრისა და თავდაცვის მინისტრები, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა უსერიოზულეს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია, ამ დროს ეკონომიკური ბლოკის არც ერთი წარმომადგენელი არ შეცვლილა, მეტიც, მათ ხედვაც კი არ შეუცვლიათ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ლარის ინფლაცია შეაჩერონ და ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწორონ, ეს არის კატასტროფა.
_ თქვენი აზრით, სამთავრობო ცვლილებით რა პროცესების გადაფარვა მოხდა?
_ ვფიქრობ, რომ ეს გაკეთდა ორი რამის გამო, ამით სურდათ ეკონომიკური კრიზისის გადაფარვა და მეორე, თადარიგი დაიჭირეს. რომელიმე მინისტრი ისეთ დროს რომ არ გადამდგარიყო, როცა უფრო რთულად საკონტროლებელი იქნებოდა სიტუაცია. ჩვენ ვიცით, რომ უმრავლესობა მყარი არ არის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საფრთხე რომ არ შექმნილიყო, ეს ამიტომ მოხდა. ის, რომ რომელიღაც მინისტრს ცოლი მოენატრა და ვიღაცას კბილი ასტკივდა, არასერიოზულია. ასეთი მიზეზით მხოლოდ საქართველოში ტოვებენ მინისტრები პოსტებს.
_ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე კრიზისის პიკს მივაღწევთ და ეს იქნება გარდამტეხი პერიოდი `ქართული ოცნებისთვის”. ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ამ კრიზისს ვეღარ გაუძლებს.
_ კრიზისი უკვე არის, უბრალოდ, ჩვენ სახელმწიფოში არანაირი ლოგიკა არ მუშაობს, აქ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თორემ ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკით, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, რაც ბუნებრივად გამძაფრდება, იმიტომ, რომ ეს მთავრობა ნამდვილად ვერ ახორციელებს პოზიტიურ ცვლილებებს. ასე რომ, შემოდგომაზე სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი.

ქართული ანდაზაა, "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო". საქართველოში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ანდაზა არ მუშაობს
_ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ ყველას გაახსენა თქვენთან დაკავშირებული სკანდალი, როცა თქვენ იყავით პარლამენტის თავმჯდომარე და თქვენი მეუღლის გენერალური პროკურორის მოადგილეობას კინაღამ გადაგაყოლეს. მაშინ თქვენმა მეუღლემ პოსტი დატოვა. თუმცა დღეს ხიდაშელ-უსუფაშვილის ინტერესთა კონფლიქტზე პოლიტიკური სპექტრი არ საუბრობს. არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი?
_ მე უკვე მივეჩვიე იმას, რომ რაზეც შეიძლება ატყდეს სკანდალი ნინო ბურჯანაძის და მისი ოჯახთან მიმართებაში, სხვასთან მიმართებაში ეს შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს და ის, რაც შეიძლება მე ბრალად დამდონ და გამაკრიტიკონ, მერე შეიძლება თვითონ არგუმენტებად მოიყვანონ და მათთვის ეს პრობლემა არ იყოს. ამას თავი დავანებოთ და მოკლედ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის უცხო არ არის, პრინციპში, ორი ასეთი ძალიან გამოკვეთილი თანამდებობა, რომელიც ერთი ოჯახის წევრებს შორის არის განაწილებული, გარკვეულწილად იწვევს კითხვას, არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის უმთავრესია ადამიანის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მეორადია, ვინ ვისი ცოლია, ქმარია და ახლო ნათესავი… აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი, ვფიქრობ, რომ თინა ხიდაშელის შემთხვევაში კითხვები გააჩინა იმან, რა გარემოებაშიც მოხდა ეს ცვლილება. ერთი რამეც არის, თინა ნამდვილად ნიჭიერი, ენერგიული ქალია, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო არის სპეციფიკური და მის მართვას გამოცდილება სჭირდება, თუმცა ნიჭიერმა ადამიანმა ეს გამოცდილება შეიძლება მალე შეიძინოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ვინც არ უნდა იყოს, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ კითხვები ამ დანიშვნამ რომ გააჩინა, ორი აზრი არ არსებობს…
_ ფაქტობრივად, გამოდის, რომ `რესპუბლიკურმა პარტიამ” ხავერდოვანი გადატრიალება მოახდინა და ხელისუფლებაში მოვიდა. ასეა?
_ ასე გამოდის, რამდენიმე თვის წინ, როცა კონსტიტუციური ცვლილებები იყო, ვამბობდი, რომ კონსტიტუციური გადატრიალება ხდება, რაც თავს მოახვია საქართველოს `რესპუბლიკურმა პარტიამ”, ჩვენ კარგად ვხედავთ, რას ნიშნავს `რესპუბლიკელების” თავსმოხვეული საპარლამენტო მოდელი და რა მივიღეთ. მივიღეთ ის, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტს არ ჰგავს, პარლამენტი _ პარალმენტს და პრემიერი _ პრემიერს. ეს მოდელი კარგად მუშაობს მხოლოდ ტრადიციულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც დეპუტატების ყიდვა არ ხდება ისე, როგორც ბაზარში იყიდება პროდუქტები. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ კარგად ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ფინანსებიდან გამომდინარე. საქართველოსნაირ ქვეყანაში საპარლამენტო მოდელი არის ძალიან სერიოზული საფრთხე და მივიღეთ ფეოდალური რესპუბლიკა.
_ ბიძინა ივანიშვილმა რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, როცა ურეიტინგო და ქართველებისთვის მიუღებელ პარტიას ხელისუფლება ჩააბარა?
_ დღეს რეალობა ასეთია, ბიძინა ივანიშვილმა გადააგდო ქართველი ხალხი და ყველა მოგვატყუა! ჩვენ მას ვენდეთ, მხარი დავუჭირეთ, თვალი დავუხუჭეთ იმაზე, რომ მან შემოიკრიბა ყველა ურეიტინგო ძალა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აღარ ენდობოდა, ისინი იყვნენ პოლიტიკური გვამები, ივანიშვილმა არა მარტო შემოიკრიბა, არამედ ახლა მთლიანად გადააბარა ხელისუფლება, რაც თავად ბიძინა ივანიშვილსაც ძვირად დაუჯდება. თუ მას ჰგონია, რომ ხალხი ღარიბაშვილზე გაბრაზდება და ბიძინას მადლობელი დარჩება, ძალიან ცდება. რადგან ამ ხალხს არც ღარიბაშვილი აურჩევია, არც ალასანია და არც თინა ხიდაშელი. ხალხმა აირჩია ბიძინა ივანიშვილი და მას მისცა კარტბლანში, მას ჩააბარა პასუხისმგებლობა და პასუხსაც მას მოსთხოვს.
_ ფიქრობთ თუ არა, რომ მომავალ ხელისუფლებას დაეპატრონება პროდასავლური ძალების გაერთიანება? `თავისუფალი დემოკრატები”, `ნაციონალები” და `რესპუბლიკელები”, იქნებიან თუ არა დომინანტები?
_ რაც შეეხება პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას, ეს არის ამერიკელების ინტერესი, რომ მათ ხელში გადავიდეს ძალაუფლება. ეს ჩანს ყველა გამოკითხვებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციები ატარებს და მოსახლეობას უდებს კვლევის ცხრილებს, რომელი პარტია რა პროცენტით უნდა იყოს წარმოდგენილი ხელისუფლებაში. ვინმეს სჯერა, რომ ალასანია ყველაზე რეიტინგულია? ან ვინმეს სჯეროდა, რომ 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილს 28% ჰქონდა რეიტინგი და `ნაციონალურ მოძრაობას” _ 70%? ეს არის ამერიკის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რისი დანახვა სურთ საქართველოში. ამის გამო სულაც არ ვამტყუნებ აშშ-ს, მათ ძალიან დიდი ფული და ძალისხმევა დახარჯეს საქართველოში და არ მიკვირს, რომ ამერიკას უნდოდეს საქართველოში გავლენის შენარჩუნება და ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ დაკვეთას შეასრულებს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ხელისუფლებას აირჩევენ.
_ ხალხს ყველა პოლიტიკური ძალა მობეზრდა, შესაძლოა ვიხილოთ არჩევნების ბოიკოტიც, თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?
_ სანამ ხალხი არ ჩამოყალიბდება, ვიქნებით ამ მდგომარეობაში, ხალხი რომ ჩამოყალიბებულიყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ბიძინა ივანიშვილის 5 მილიარდისთვის არ მიეცა ხმა, გარწმუნებთ, რომ დღეს მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგებში იდგებოდა და იქიდან ხელცარიელი აღარ ჩამოვიდოდა… მესმის იმ ადამიანების, ვინც იმედგაცრუებულები და გულნატკენები არიან პოლიტიკოსებზე, მაგრამ როგორ შეიძლება გაუბრაზდე შენს სამშობლოს, როცა ამბობ, რომ არც ერთ ძალას არ მივცემ ხმას, შენდაუნებურად შენი გაბრაზებით სწორედ იმ პოლიტიკოსებს აძლევ ხელში ხელისუფლებას, რომელიც არ გინდა, რომ მოვიდეს.
_ მაგრამ ის პოლიტიკური კომბინაცია, რაც დღეს მივიღეთ, ხომ არ იყო ხალხის პასიურობით განპირობებული?
_ აქ, უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა გვიღალატა, ეს არის და ეს… მე არ ვიცი, მას რა კომბინაციები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ამ ეტაპზე გამოვიდა, რომ მოსახლეობის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილმა უღალატა. რასაც დღეს `ნაციონალები” ბედავენ, ამ პატარა ლეკვებით, რომლებიც ფინანსდებიან ამერიკიდან შემოსული ფულით, ნარკოტრაფიკით, იარაღით, ადამიანების გატყავებით, ვისი ბრალია ეს?
_ `ნაციონალებს” არ ჩამორჩებიან `თავისუფალი დემოკრატები”, მაგალითად, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის სამარცხვინოა, `იდენტობა” აქციას რომ ვერ გამართავს 17 მაისს. ე.ი. გოგუაძის ლოგიკით, `ლგბტ” საზოგადოების აქციის არგამართვა სახელმწიფოსთვის სირცხვილია, ხოლო მისი ლიდერის ირაკლი ალასანიას მხრიდან ქართველების დაყოფა უხარისხო და ხარისხიან ქართველებად, საამაყოა?!. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მკითხველს შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია `იდენტობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: `ლგბტ თემი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს 17 მაისს ვერ აღნიშნავს. ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის 17 მაისის აქციაზე უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ სახელმწიფო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაურიგდა და თბილისში საჯარო სივრცე მთლიანად საპატრიარქოს გამოუყო”. აქვე დავსძენთ, რომ 17 მაისს პატრიარქის 2014 წლის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება…
_ ვინ არის ნინო გოგუაძე? მე არ მახსოვს მისი განცხადება 26 მაისს, როცა გამეტებით გვირტყამდნენ, მაგრამ მახსოვს მისი ლიდერის განცხადება, `უხარისხო ქართველები” რომ გვეძახა. სირცხვილი ქართველებს, ვინც მას ამდენს აბედვინებს. ალასანიას განცხადება ყველამ დაივიწყა, მათ შორის მედიამ… მე არც ის მომეწონა, როცა გასული წლის 17 მაისს თავ-პირი დაამტვრიეს ერთმანეთს, ჩემთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია…
_ ჩემი ინფორმაციით, დავით უსუფაშვილს უნდოდა 26 მაისს კრიტიკულ მომენტში თქვენ გვერდით დამდგარიყო და განცხადებები გაეკეთებინა, თუმცა ამის უფლება მას `რესპუბლიკურმა პარტიამ” არ მისცა და თინა ხიდაშელი უსუფაშვილის ამ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა. ეს ინფორმაცია რეალურია?
_ გიდასტურებთ, რომ მეც მქონდა ასეთი ინფორმაცია, უსუფაშვილს ჰქონდა მოსაზრება, სოლიდარობა გამოეცხადებინა, დათოს პიროვნებიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის ძნელად დასაჯერებელი არაა, მაგრამ, თუ სხვებმა შეუშალეს ხელი, არც ესაა ძნელი დასაჯერებელი, მის პარტიაში ისეთი ხალხია. ძალიან კარგად მახსოვს იგივე ბერძენიშვილის პოზიცია, რომელიც დღემდე `ნაციონალურ მოძრაობას” მისტირის და რომლისთვისაც მე და ჩემი თანაგუნდელები მიუღებლები ვართ, ისევე, როგორც ჩვენთვის არიან ისინი მიუღებლები. მეცინება, როდესაც ვუსმენ ხელისუფლებაში მოსული ყოფილი ოპოზიციონერების განცხადებებს, რა მარტივად შეიცვალეს პოზიცია. როგორ უცებ დაიწყეს სახელისუფლებო გადმოსახედიდან საუბარი. ისინი მე მაკრიტიკებდნენ, მაგრამ დღეს უარესს სჩადიან, არ მგონია, ვინმეს აწუხებდეს სინდისი და საკუთარი დანაშაული დაინახონ, დღეს სწორედ მათ გააცოცხლეს `ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის მათი დიდი დანაშაული.
_ ქალბატონო ნინო, ხელისუფლება კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღზე საუბრობს, ეს არის რიგის სამიტი. ფიქრობთ თუ არა, რომ ჩვენ ვიზა-ლიბერალიზაციას მოგვცემენ? კულუარებში უკვე ნეგატიური განწყობაა და ამბობენ, `ნაციონალებმა” იმდენად კარგად იმუშავეს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე გამორიცხულიაო.
_ სხვებზე კარგად ვიცი პოლიტიკა და გარკვევით ვამბობდი, რომ ნატოს სამიტზე არაფერი მოხდებოდა, ამის გამო ლამის ჩამქოლეს. ხომ ახდა ჩემი ნათქვამი?.. ახლა გეუბნებით, რომ არანაირი ვიზა-ლიბერალიზაცია არ იქნება, 10 დღეა დარჩენილი, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!

 

წყარო:”კვირის ქრონიკა”

banner
წინა სტატიაშიხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებს და ახალ ხელმძღვანელს არ აღიარებს
შემდეგი სტატია,,სამარეში ჩაგაფურთხებთ მომავალი თაობა, ვინც საყდრისი ააფეთქებინეთ,,