ნაციონალურ მოძრაობაში ქუთაისის მთავრობის სახლის გაყიდვის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ

შესაძლოა უახლოეს პერიოდში ქუთაისში არსებული მთავრობის სახლი გაიყიდოს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის სახლის გარდა შესაძლოა ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობის ფუნქცია შეიცვალოს და საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდეს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებს დეპუტატი ელისო ჩაფიძე რომელსაც მიაჩნია, რომ ქუთაისის მთავრობის სახლის გაყიდვით სახელმწიფო ეკონომიკურ სარგებელს ნახავს.

“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს გამოუყენებელი შენობები, თუ ინვესტორი იქნება უნდა გაიყიდოს ეს შენობა,”- აცხადებს მმართველი კოალიციის წევრი და დეპუტატი ელისო ჩაფიძე.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო შენობების გაყიდვის ინიციატივა, საქართველოს მთავრობას ექსპრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიაწოდა.

“ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა, რომ გაყიდონ ეს შენობები და მთავრობა ასრულებს ბრძანებას. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ როცა ყველაფერი უფასურდება ქვეყანაში, ამ შენობების გაყიდვა არის კლანისთვის აუცილებელი და ისინი ამას აკეთებენ,”- აცხადებს სერგო რატიანი.

თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი კი ფიქრობს, რომ შენობები უნდა გაიყიდოს თუმცა დარწმუნებულია, რომ მთავრობა ამ შენობებს ვერ გაყიდის.

“მე ვფიქრობ, რომ ამან სიკეთე ქუთაისს არ მოუტანა, 500 მილიონი დაიხარჯა ამ შენობებზე და ქუთაისში არც წყალია და არც გზა. ეს შენობები ძალიან სწრაფად უნდა გაიყიდოს თუმცა უუნარო ხელისუფლება ამას ვერც სწრაფად და ვერც ნელა ვერ მოახერხებს,”- აცხადებს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა
შემდეგი სტატია“საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, ჰქონდეს გამოუყენებელი შენობები”