“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლაშა აბაშიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ

თბილისის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, გუშინდელ განხილვებზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ თბილისის მთავრობას იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიჰყავს ქალაქი, რა მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტი, არანაირი ხედვა არ გააჩნია.
“ჩვენ მრავალჯერ ვთხოვეთ დავით ნარმანიას, რომ მთლიანი სამთავრობო გუნდის განახლებით მაინც მიეცა შანსი თბილისელებისთვის, ეფექტური მერია ჰყოლოდათ. თუმცა ეს ასე არ ხდება. ასე, რომ მორიგი ექსპერიმენტი ერთი ადამიანის შეცვლით, განწირულია წარუმატებლობისთვის. რასაც ჩვენ მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას უყრიან კენჭს. დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გახდა. რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, ის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულო დღეს ვიცე-მერის თანამდებობაზე ლაშა აბაშიძის კანდიდატურას უყრის კენჭს
შემდეგი სტატია“პოლიტიკოსის ცოლი თუ ხარ უნდა დაჯდე სამზარეულოში და ხაჭაპურები აცხო…”