“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციას მართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“არა ოკუპაციას” – “არა “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამ სახელწოდებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს.
მათი თქმით, ისინი ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებულ უმძიმეს შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კრემლის პოლიტიკის გამტარებელი იყო 2003 წლიდან, რაც საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ამის დამადასტურებლად პარტიის ოფისთან, მათი თქმით, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალიც მოიტანეს, რომელიც 2003 წლიდან რუსეთის ფედერაციაზე გასხვისდა.
აქციის მონაწილეები საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისა და ორი ერის – ქართველებისა და ოსების გენოციდის გამო სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალის მიერ გასამართლებას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა სახისა და ხარისხის დანაშაულის გამო პოლიტიკური ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიკვიდაცია მოხდეს; მკაცრად დაისაჯონ სააკაშვილის მომხრეები იმ შემთხვევაში, თუ მომავალშიც გააგრძელებენ მეზობელი ქვეყნის – რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ, შეურაცხმყოფელ რიტორიკას და მაპროვოცირებელი აქციების განხორციელებას, რადგან, მათი თქმით, ეს დიდ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: კავშირი “ადამიანის უფლებები და მოვალეობები”, “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი”, “საქართველოს ახალი დემოკრატები”, “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”, “დაიცავი შენი უფლებები”, სამართლის კავშირი “ჯერარსი”, “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის”, მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი. აქციაზე ელოდებოდნენ ერთ-ერთი ორგანიზატორის, “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებსაც, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები აქციაზე მისვლას ვერ ახერხებენ.
პარტიის ოფისთან უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

banner
წინა სტატიაში“ატყდა ამბავი რ2-ს მანქანები დაუყადაღესო…ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია”
შემდეგი სტატიასემეკ-მა მოქალაქეებს 47 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა