“ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებში რეგისტრაციის გავლის საკითხზე განმარტებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი რეგისტრაციის გავლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
“თაიმერს” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, რაც ნიშნავს, რომ არ წარადგენს კანდადატებს და არ დანიშნავს წევრებს საარჩევნო კომისიებში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩვენ უკვე გავაცანით საზოგადოებას: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ოჯახების გაღარიბების შეჩერებას, სწორი პოლიტიკის გატარებას და ქვეყნის წინსვლას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სჭირდება არა მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში, არამედ მთელ საქართველოში. იმავდროულად, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, რათა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო, რათა საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების ზემოაღნიშნული მიზეზები”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა, რასთან დაკავშირებული ინფორმაციაც თავად ცესკოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. უფრო კონკრეტულად, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” “ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან” ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი – დამოუკიდებლად.
პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
შემდეგი სტატიატაჯიკეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა…