“ნაციოანლური მოძრაობა“: RMG Gold-ს ლიცენზიის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა

როგორც ირკვევა, RMG Gold-ს ახალი წლის წინა დღეს, 30 დეკემბერს მთავრობის დადგენილებით გაუგრძელდა ლიცენზია- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, MRG Gold-მა მთავრობას ლიცენზიის გაგრძელების მოთხოვნით 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა.

„მთავრობა კვლავ შესაშური სისწრაფით რეაგირებს კერძო კომპანიის მოთხოვნაზე. მთავრობამ გაუგრძელა კომპანიას ლიცენზია და ამით საშუალება მისცა გაეგრძელებინა ძეგლის ნგრევა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილების გადაწყვეტილება მიიღო და ექსპერტები, მეცნიერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ ძეგლზე სამუშაოების შეჩერებას. გარდა ამ გარემოებისა: ჯამში ლიცენზიებში გადახდილი თანხა 204 000 000 ლარს შეადგენს. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 27 წელი. ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღი იყო 2014 წლის 15 აპრილი; აუქციონი არ მოიცავს (ლიცენზია არ გაიცემა) საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს“,- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის ინფორმაციითვე, დღეს ცნობილი მარაგის ფასი სავარაუდოდ (ლონდონის მეტალების ბირჟის ფასის გათვალისწინებით) შეადგენს 400 მლნ. დოლარს.

„აქედან გამომდინარე, ისმის კითხვები:
რატომ მიიღო კულტურის სამინისტრომ ახალი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას?
რატომ არ დაელოდა კომპანია კულტურის სამინისტროს აქტის სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების ვადებს?
რატომ გაგრძელდა ლიცენზია უფასოდ, რითიც იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა?
ვინ არის ის პირი, ვის გამოც მთავრობამ მრავალჯერ დაარღვია კანონი?“,- აღნიშნულია პარტიის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ოსკარის” ნომინანტთა ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიასაფრანგეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად ძალებს აძლიერებს