“ნატო არ ისწრაფვის აღმოსავლეთისკენ, ეს მათ სურთ ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება”

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არა ალიანსი ისწრაფვის აღმოსავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურთ გახდნენ ნატო-ს ან ევროკავშირის წევრები.

“დამოუკიდებელ სახელმწიფოებს სურთ ორგანიზაციის წევრები გახდნენ. ნატო არ მოძრაობს აღმოსავლეთისკენ – ეს აღმოსავლეთს სურს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კანადურ ჟურნალ “Maclean’s”-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ნებისმიერის ერის უფლებაა თავისი გზა აირჩიოს, მათ შორის ისიც, უსაფრთხოების რომელი სისტემის ნაწილი გახდება მისი ქვეყანა.

რაც შეეხება უკრაინის და საქართველოს, ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ორგანიზაციაში კვლავინდებურად ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს.

“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ჩვენ ვქმნით სასწავლო ცენტრს და ვმუშაობთ საქართველოსთან, რათა მან ალიანსის წევრობისკენ სვლა შეძლოს. რაც შეეხება უკრაინას, მან რამდენიმე წლის წინ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, თუმცა შემდეგ ბლოკის გარეშე სტატუსი აირჩია. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. ახლა უკრაინელებმა განაცხადის კვლავ გაკეთების მიზნით რეფორმირების პროცესი დაიწყეს. როდესაც ისინი მზად იქნებიან, ჩვენ მათ თხოვნას განვიხილავთ”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშინასას და როს-კოსმოსს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს