ნარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება

თბილისის მერია გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის დღე“ უერთდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ერთი თაათით – 20:30 საათიდან 21:30 საათამდე დედაქალაქის მუნიციპალური შენობები – მერია, საკრებულო, პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩაბნელდება. ელექტროენერგია გაითიშება, ასევე, სამინისტროებში.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ერთი საათით ჩაბნელდება, აგრეთვე, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას
ციხე-სიმაგრე, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, მრგვალი ბაღი და თბილისის ანძა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანძაზე განათებული დარჩება ნავიგაციის 16 შუქურა, ხოლო დეკორაციული განათება სრულად გაითიშება.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, მრგვალ ბაღში ჯგუფის – „ყველა“ ერთსაათიანი კონცერტია დაგეგმილი, რომელიც სანთლის შუქზე გაიმართება. აქვე, „მოძრაობის თეატრი“ ცეცხლოვან შოუს გამართავს. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრებიან.

„დედამიწის საათს“ თბილისში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. იგი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ორგანიზებასაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებს. 28 მარტს, ერთი საათის განმავლობაში, მსოფლიოს 62 ქვეყნის 7000-ზე მეტ ქალაქში ელექტროენერგიაზე მილიონობით ადამიანი იტყვის უარს.

ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კორძაია – მომხდარი ბესო ხარძიანის ერთადერთ მტერს, გიორგი უდესიანს უკავშირდება
შემდეგი სტატია„დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით ფინანსდება