მცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყალი თითქმის ორჯერ გაუძვირდათ

მცხეთაში, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუძვირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს “მცხეთის წყლის” აბონენტებს, რომლებიც მრიცხველით სარგებლობენ, წყლის საფასური 1 კუბურ მეტრზე 0,10 ლარიდან 0,204 ლარამდე გაეზარდათ.
რაც შეეხება გაუმრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ერთ სულზე თვეში. ასევე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 4.40 ლარი 1 კუბურ მეტრ წყალზე. აღნიშნული ტარიფები ძალაშია 2016 წლის 31 დეკემმბრის ჩათვლით.
როგორც სემეკ-ის წევრმა, გოჩა შონიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შპს “მცხეთის წყალს” წყლის ტარიფი სემეკ-მა დაუდგინა, აქამდე ტარიფს კომპანიას მცხეთის მუნიციპალიტეტი უდგენდა.
კომპანია “მცხეთის წყლის” მიერ სატარიფო განაცხადით მოთხოვნილი იყო შემდეგი ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით) – გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 0.295 ლარი 1მ3-ზე, გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 3.50 ლარი 1 სულზე თვეში და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის – 4.400 ლარი 1მ3-ზე.
მცხეთის წყალი, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,რუსთავის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას მცხეთაში მცხოვრებ 2520 აბონენტს (მოსახლეობა), 90 საბიუჯეტო ორგანიზაციასა და კომერციულ ობიექტს უწევს. თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც”, თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე რიგის სამიტს დაესწრება
შემდეგი სტატიაგენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანება შესაძლოა, “მრეწველებმა” გაასააჩივრონ