მშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ

მშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათმშობლების ნაწილი სკოლაში იმ ბავშვების მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ. სკოლაში სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით დღეს საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ცენტრის ფსიქოლოგები, მშობლები, პედაგოგები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
ფსიქოლოგების განმარტებით, დადგენილია, რომ 5 და 6 წლის ასაკს განსხვავებული განვითარების საფეხური გააჩნია. ამ ასაკში თითოეულ თვესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ემოციურ-ინტელექტუალური განვითარებისთვის.
მათივე განცხადებით, სკოლაში ბავშვი ხვდება რადიკალურად განსხვავებულ გარემოში, რაც ხუთი წლის ბავშვისთვის უფრო რთული დასაძლევია, ვიდრე 6 წლის ბავშვისთვის.
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ფსიქოლოგ ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, 6 წელი დასაშვები მინიმალური ქვედა ზღვარია. მისი მოსაზრებით, ბავშვი სკოლაში უნდა მივიდეს 6 წლის და 8 თვის, 7 წლის ასაკში.
“ბავშვი არ არის მომზადებული ფიზიოლოგიურად, მისი ძვალ-კუნთოვანი სისტემა, ხერხემალი არ არის მზად 20-25 წუთი გაუნძრევლად იჯდეს. ბავშვი არ არის მზად ემოციურად, რომ 5 წლის ასაკში მივიდეს სკოლაში. სკოლა სოციალური ინსტიტუტია, ბავშვს ამ ასაკში თამაში სჭირდება და არა კანონებსა და წესებს დამორჩილება”, – აღნიშნა ლევან ზარდალიშვილმა.
როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე მშობლების ნაწილმა აღნიშნა, ისინი ეთანხმებიან აკრძალვას, რომლის თანახმად, 5 წლის ბავშვები სკოლაში არ მიიღებიან. თუმცა, მშობლები მიიჩნევენ, რომ სკოლებში უნდა დაუშვან ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ მიღება 31 აგვისტომდე დაბადებულ ბავშვებს შეეხოთ. მშობლები აცხადებენ, რომ სწავლა სხვადასხვა წელს, სხვადასხვა დღეს იწყება, რაც განსხვავებულ მიდგომას ქმნის. არსებულ მოდელს მათ “უსამართლო მიდგომა” უწოდეს.
კიდევ ერთი საკითხი რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე მშობლებმა წამოჭრეს- ბაღში დარჩენილი ბავშვები და მათთვის შესათავაზებელი პროგრამაა.მშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ
მშობლის, ეკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მისი შვილი 6 წლის დეკემბრის თვეში ხდება.
“მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგების მოსაზრება აბსოლუტურად სამართლიანია, იმის თაობაზე, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვები სკოლაში არ უნდა წავიდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე ბავშვებს აქვთ ძალიან სერიოზული პრობლემა. ისინი რჩებიან საბავშვო ბაღის გარეთ ან რჩებიან საბავშვო ბაღში, დამამთავრებელ ჯგუფში, სადაც ისინი იძულებული გახდებიან გაიარონ აბსოლუტურად იგივე პროგრამა, რასაც გადიან მიმდინარე სასწავლო წელს. მიმაჩნია, რომ აკადემიური წლის ასეთმა იძულებითმა გამეორებამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მათ ფსიქოლოგიაზე, შემდგომ განვითარებაზე და სკოლისადმი დამოკიდებულებაზე, რომელიც არ აღმოჩნდა სტუმართმოყვარე და არ იღებს ასეთ ბავშვებს. ბაღმა დაასრულა თავისი საქმე და ბავშვს უშვებს. სად წავიყვანო ჩემი შვილი?” – აღნიშნა ეკა ჟორჟოლიანმა.
ეკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა რას ასწავლიან ბაღში დარჩენილ მის შვილს მთელი წლის განმავლობაში და სთავაზობს თუ არა ახალ პროგრამას ბაღი, რაზეც მას უპასუხეს, რომ განათლების სამინისტროში მზადდება პროგრამა, რომელსაც ბაღებს შესთავაზებენ. ფსიქოლოგებმა მშობელს ასევე შეახსენეს, რომ “გამეორება ცოდნის დედაა”.

მშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ
დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ისურვებდა, რომ სასკოლო ასაკი 8 წლით განისაზღვროს.
“ბავშვს ყველაფრის ათვისება შეუძლია, მაგრამ საუბარია, რის ხარჯზე ითვისებს ბავშვი? როცა ბავშვი ითვისებს თამაშის ხარჯზე, ბავშვური თავისუფლების დაკლება თავს იჩენს მოგვიანებით და ძალიან ხშირია ისეთი დარღვევები, რის გამოც ადამიანი ექიმებთან მიდის”, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები დაიშვებიან, რომელთაც 6 წელი სწავლის დაწყებამდე უსრულდებათ. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამონაკლისები არ დაიშვება.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი – სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიააფხაზებმა გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს