მსხვილ სავაჭრო ობიექტებში რძის პროდუქტებზე ეტიკეტის წესის დარღვევის ფაქტები აღმოჩნდა

რძის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან მესამე დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა დოლიძესთან, სააგენტოს სპეციალისტებთან და მედიასთან ერთად მსხვილი სავაჭრო ობიექტები მოინახულა. შედეგად, ეტიკეტის წესის დარღვევის რამდენიმე ფაქტი აღმოაჩინეს.
როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ აღმოაჩინეს ეტიკეტირების დარღვევა.
“თქვენ მოგეხსენებათ 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა რძისა და რძის შესახებ რეგლამენტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა რძის პროდუქტზე ვრცელდება და მათ შორის გამონაკლისები არ არსებობს. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს რამოდენიმე მწარმოებელი თავის მომხმარებელზე არ ზრუნავს სათანადოდ ან არასათანადოდ აღიქვეს ეს რეგლამენტი. მე მინდა ყველას მივმართო, განსაკუთრებით მოსახლეობას, დააკვირდნენ ეტიკეტს, არავითარ შემთხვევაში არ მოტყუვდნენ”, – განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, დღეს აიღეს რამოდენიმე ნიმუში, სადაც არ არის მითითებული, რომ არის მცენარეული ცხიმი, თუმცა ამას მაინც გადაამოწმებენ ლაბორატორიაში.
“მაგრამ, იყო ისეთი ანომალიური შემთხვევები, როდესაც აწერია პირობითად მაწონი, მაგრამ ასევე ცალსახად, ძალიან თვალსაჩინოდ აწერია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მენეჯერმა გვითხრა, ამას ფასებზე გავლენა არ მოუხდენია”, – განაცხადა დანელია.
მისივე თქმით, აღმოჩენილ შეუსაბამობაზე დაჯარიმდება რეალიზატორი, ვინაიდან მას დახლიდან უნდა ჩამოეღო ეს პროდუქტი, თუმცა ლაბორატორიის დასკვნის შედეგად, შესაძლოა მწარმოებელიც დაჯარიმდეს.
აღნიშნული კონტროლი 1 აგვისტოდან დაიწყო. მინისტრის გარდა, დღესვე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაღაზიებს შეამოწმებენ.
2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”, რომელიც მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად კარაქისებრი ან კარაქის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი.
ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.
2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა “მსგავს”-თან ან/და ბოლოსართ “ებრ”-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე…) გამოყენება აიკრძალება.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაე.წ. “კორტების სპეცოპერაციის” მორიგი სასამართლო სხდომა ხმაურით მიმდინარეობს