მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ტურისტული პოტენციალის ზრდას მოხმარდება

ხადური

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ განხორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს.

ბანკის მხარდაჭერით, გათვალისწინებულია მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, აგრეთვე, სხვადასხვა ქალაქში, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა.

მნიშნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ორი მსგავსი პროექტი იმერეთისა (30 მილიონი აშშ დოლარი) და კახეთის რეგიონებში (60 მილიონი აშშ დოლარი). რეგიონებში აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას.

რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს მოსკოვთან დე-ესკალაციის პოლიტიკის განხორციელებას”
შემდეგი სტატიასოლიდარობა რუსთავი 2-ს