„მომდევნო ათწლეულებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს“ მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადასვლას დადებითად აფასებს.

როგორც ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო-საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, სააგენტო საგრძნობ წვლილს შეიტანს სამინისტროებს შორის უკეთესი კოორდინირების საქმეში და ყველა დონეზე უზრუნველყოფს ინვესტორთათვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას.

„აქამდე ის ანგარიშვალდებული იყო საბჭოს წინაშე, რომელსაც პარტნიორობის ფონდის ხელმძღვანელი თავმჯდომარეობდა. ჩემი აზრით, ეს ცვლილება დაეხმარება სააგენტოს და უზრუნველყოფს მას უკეთესი ბერკეტებით საინვესტიციო მოლაპარაკებებში, გაზრდის მის ეფექტიანობას ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის საქმეში. სააგენტო საგრძნობ წვლილს შეიტანს სამინისტროებს შორის უკეთესი კოორდინირების საქმეში და ყველა დონეზე უზრუნველყოფს ინვესტორთათვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას. ბოლოს, მინდა შევეხო კიდევ ერთ გამოწვევას – ინფორმირებულობას. გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ, რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებზე უკეთესი საინვესტიციო სივრცე და ბიზნესგარემო. მაგრამ, როგორც პატარა ქვეყანას, გლობალური ბიზნესაუდიტორია არ გვიცნობს ისე, როგორც ჩვენთვის სასურველია. პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა გულისხმობს ისეთ ნეგატიურ იარლიყებს, როგორიცაა კორუფცია, კრიმინალი, ბიუროკრატია და მისი თანმდევი უსასრულო პროცედურები, და საქართველოს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი შეხვედრა ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სწორედ ამიტომაც მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მტკიცედ დაგვიდგეთ მხარში, რათა მსოფლიოს წარვუდგინოთ საქართველო, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესისათვის მიმზიდველი ადგილი. სწორედ თქვენ, როგორც უცხოელებს, გაქვთ ყველაზე ობიექტური და სანდო ინფორმაცია საქართველოზე. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული შესაბამისიაზრის შექმნა თქვენს პროფესიულ წრეებში“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ბათუმში
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – თუ ერთად დავდექით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთ