“მოვუწოდებ სამედიცინო დაწესებულებებს, აქტიურად ჩაერთონ C ჰეპატიტიტის სკრინინგის ორკვირიან აქციაში”

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 28 ივლისიდან სამინისტრო მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის კვირეულს აცხადებს, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება.

სერგეენკოს თქმით, 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

“ორკვირეული 27 ივლისიდან დაიწყება და ათი სამუშაო დღის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში გაგრძელდება. გვსურს, თხოვნით მივმართოთ საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს, აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში. კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ელექტრონული ფორმით, ან ქაღალდის მატარებელი სახით. უკვე შევიძინეთ 10 ათასი ტესტი ანალიზისათვის”, – აღნიშნა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ C ჰეპატიტის მკურნალობისათვის ახალი პრეპარატი ჰავრონი შეიძინა, რომელიც ძალიან ეფექტურია. მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტრო დაავადების შესახებ მოსახლეობაში კვლევას ახორციელებს.

“სამინისტროს გვაქვს 2002 წლის კვლევა, რომლის მიხედვითაც ამ დაავადების მატარებელი 6.7%-ია. თანაც კვლევა მხოლოდ თბილისშია ჩატარებული. აგვისტოს ბოლოსთვის მზად გვექნება ახალი კვლევა, თან მთელი რეგიონის მასშტაბით და გვეცოდინება დაავადებულთა ზუსტი რაოდენობა”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ციხეში ხუთმა პატიმარმა პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა
შემდეგი სტატია13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა