მოვაჭრე, რომელმაც საქართველოსკენ მომავალი რუსული ტანკების შესახებ თბილისში შეატყობინა, ციხეში ჩასვეს

ორ წელიწადზე მეტია, სოჭში მცხოვრები მოქალაქე კრასნოდარის იზოლატორში იხდის სასჯელს. ეკატერინე ხარებავა რუსეთის ფედერაციამ „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების” ბრალდებით 2013 წელს დააკავა.

როგორც რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა” იტყობინება, ეს მოვლენები 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, რომელიც საქართველოს დაბომბვით და „მშვიდობისკენ იძულების ოპერაციით” დასრულდა.

რუსული მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკავებული სოჭის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა. 2008 წელს, 5-დღიან ომამდე ცოტა ხნით ადრე მან შენიშნა, როგორ გადაადგილდებოდა სოჭიდან საქართველოს მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები. ამის შესახებ ხარებავამ მის ქართველ ნაცნობს შეატყობინა. ხუთი წლის შემდეგ კი სოჭის ეფ-ეს-ბემ მოვაჭრის წინააღმდეგ საქმე აღძრა „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების” ბრალდებით.

კრასნოდარის მხარის სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა და 6 წლით თავისუფლება აღუკვეთა. რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ კი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც „ნოვაია გაზეტას” დაკავებულის ადვოკატმა ლეონიდ ერჩენკომ შეატყობინა, ხარებავას კოლონიაში გადაიყვანენ, სადაც ის კიდევ 4 წელს გაატარებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა
შემდეგი სტატიანუ მოჭრით ბზას – საპატრიარქოს და გარემოს დაცვის სამინისტროს მოწოდება