„მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება უკვე მხარედ აქცევს იმ ადამიანს, რომელიც გვინდა, რომ არბიტრი იყოს”

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი კანონპროექტების განხილვის საწყის ეტაპებზე ჩართული არ უნდა იყოს.

როგორც უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტარტში“ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ ამა თუ იმ კანონპროექტზე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მას მხარედ აქცევს.

„ვეტოსთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, მაგრამ შესაფერისი იყო თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების აქტიურობა კანონპროექტის განხილვის ადრეულ სტადიებზე, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ჩვენ, არა ცხელ გულზე, არამედ ზოგადად. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პროცესი ეს არის საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების პაექრობის პროცესი და პრეზიდენტი ჩვენ წარმოგვიდგენია და გვინდა გვყავდეს, როგორც ბოლო ინსტანციის ბრძენი ადამიანი, რომელიც ამ ვნებათაღელვას კი ადევნებს თვალს, მაგრამ თვითონ არ ხდება მონაწილე წინა ეტაპებზე და ბოლოში, როდესაც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, აი, იმას აფასებს, რაც შეიძლება ცივი გონებით და ცივი თვალით. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკურ დებატებზე ცივი გონება და ზემოდან დახედვის უნარი შეინარჩუნოს, მაშინ ჯობია, რომ ის არ იყოს ჩართული ამ დებატებში საწყის ეტაპებზე, როდესაც კანონპროექტი არის ინიცირებული. ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება აქვს, მაგრამ არ არის აუცილებელი საწყის ეტაპებზე იმაზე ლაპარაკი რომ, მე ამას ვეტოს დავადებ, თუ ეს ასე იქნება. ეს უკვე ძალიან ადრეულ ეტაპზე პოზიციის დაკავებაა. პოზიციის დაფიქსირებას კი არავინ უკრძალავს ვინმეს, მაგრამ მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება უკვე მხარედ აქცევს იმ ადამიანს, რომელიც ბოლოში გვინდა რომ არბიტრი იყოს“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარი 2.3044 ლარი გახდა
შემდეგი სტატია„ამ საქმის მოგების შანსი საკმაოდ მაღალია“