გავაკეთებ ყველაფერს, ოდესა არის ქალაქი, სადაც ყველაფერია შესაძლებელი, – ეს კომენტარი, უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
“მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია სტუდენტობის პერიოდის შემდეგ. მე ის მახსოვს როგორც მტკიცე და მოტივირებული ადამიანი და მაქვს მიზეზი ვენდო მას”, – აღნიშნული კომენტარი პოროშენკომ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იყო საერთაშორისო საკითხებში. მას გუშინ პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. გუბერნატორად დანიშვნის და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.