მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტი დარგის სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ განიხილეს

ქალაქ თბილისის მერიაში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე კომისიის წევრები, რომლებმაც გამარჯვებულის გამოვლენაში მიიღეს მონაწილეობა, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრები და მოწვეული არქიტექტორები.
აღინიშნა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები, რომელიც უმთავრესად მეტი სივრცის გაჩენასა და მოცულობის შემცირებას ეხებოდა, გამარჯვებულს სრულად ჰქონდა გათვალისწინებული.
შეხვედრაზე გაკეთდა პროფესიული შეფასებები და აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ესკიზური პროექტის ვარიანტში გათვალისწინებულია არსებული ლანდშაფტური გარემო, ამასთან, პროექტი სივრცით გეგმარებითი გადაწყვეტის კუთხითაც მისაღები და მოსაწონია. რაც შეეხება არქიტექტურულ-ტექნიკური ხასიათის მქონე შენიშვნებს, უშუალოდ პროექტირების ეტაპზე, წარმოდგენილი ესკიზური ვარიანტი კიდევ უფრო დაიხვეწება და შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული ყველა რეკომენტაცია.
თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე იმართება საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით მსგავსი სახის განხილვები, რათა ხელი შეეწყოს ქალაქის განვითარებას და ამასთან, მაქსიმალურად იქნას დაცული ტერიტორიის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა.
როგორც არქიტექტორმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, აკადემიკოსმა გიორგი ბათიაშვილმა აღნიშნა, არაერთი შეხვედრა და მსჯელობა გაიმართა პროფესიულ წრეებს შორის, რამაც დადებითი შედეგები გამოიღო.
“პროექტი გაცილებით უკეთესი და მისაღებია ქალაქისათვის”, – აღნიშნა გიორგი ბათიაშვილმა.
მისი თქმით, ამ განხილვების შედეგია ის, რომ პროექტის მოცულობა 5000-მდე კვადრატული მეტრით შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიმდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაპოროშენკო, მერკელი და ოლანდი – შეხვედრა 24 აგვისტოს