მინდია ჯანელიძე: საიდუმლო თემებზე საჯაროდ საუბარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია

ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, საჰაერო თავდაცვის შეთანხმებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება, მინდია ჯანელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვადა არ ეწურება.
“პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში, მინდა გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს წარმატებით, ყველა ნაბიჯი რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას, იდგმება და კიდევ დავამატებ, რომ რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე და რაც უფრო მეტი მითქმა-მოთქმა იქნება, მით უფრო დაზიანდება ქვეყნის თავდაცვის ინტერსები”, – განაცხადა ჯანელიძემ.
კითხვაზე, მსგავსი ხელშეკრულება რომ ყოფილიყო, მოაწერდა თუ არა თავად ხელს, მინდია ჯანელიძემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, მოაწერდა. თავდაცვის მინისტრმა ასევე ინსინუაციები უწოდა ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჰაერო სტრატეგიასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს ხედვა არის შეცვლილი.
“ეს არის ინსინუაციები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ. მათ შორის საჰაერო შესაძლებობების განვითარების კუთხით, მათ შორის ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით და ა.შ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა, მითუმეტეს საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხებზე საუბარს. ყველაფერი არის ძალიან კარგად და ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავს
შემდეგი სტატიასამეგრელოს სამ სკოლაში სტიქიის გამო სწავლა შეწყდა