მინდია ჯანელიძე: პანიკის საფუძველი არ არსებობს

ზოოპარკის ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისა საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში მწუხარება გამოთქვა მსხვერპლის გამო, რომელიც წუხანდელ სტიქიას მოჰყვა.
ჯანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ გარდაცვლილია რვა ადამიანი, ასევე არიან უგზოუკვლოდ დაკარგულები. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტი ციფრი დადგენის პროცესშია, იმიტომ რომ, 112-ში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები შედის და შესაბამისად, მიმდინარეობს მათი გადამოწმება.
“სრული მასშტაბით მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები წუხანდელი ღამიდან მოყოლებული. გადარჩენილია ათეულობით ჩვენი მოქალაქე. ამ ეტაპზე თბილისის ტერიტორიაზე გვაქვს რამდენიმე კრიტიკული ადგილი. ეს არის ზოოპარკის ტერიტორია, ყიფშიძის ქუჩაზე ახალი პოლიციის მიმდებარედ და სვანიძის ქუჩა. ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს დასუფთავების და გაწმენდითი სამუშაოები”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის შსს.
“ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე ხანში დასტაბილურდეს ვითარება. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიცია. მათი საფრენი საშუალებებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება”, – განაცხადა ჯანელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, გეოლოგები მუშაობენ დასკვნაზე და, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის განმეორებითი საშიშროება არ არსებობს.
“მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა
შემდეგი სტატიასვანიძის ქუჩაზე კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს