მინდია ჯანელიძე: მიკვირს, რატომ ანერვიულებს ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია. ასე უპასუხა ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ნატო გააგრძელებს საქართველოს ჩათრევას ალიანსში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
როგორც მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელსაც არანაირი შეტევითი აგრესიული მიზნები არ აქვს.

“ეს არის მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ მიმართული. მე მიკვირს, რატომ ანერვიულებს, ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება და მისი ოპერირება არც ერთი მესამე მხარის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული არ არის”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ, მაგრამ თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მათ ზედმეტი ვნებათაღელვის საფუძველი არ გააჩნიათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული ოპოზიცია საყვარელიძის საჯარო გამოცდას ითხოვს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხეშია, აბაშიძის განცხადება ამას ადასტურებს