მინდია ჯანელიძე – “თავისუფალი დემოკრატები” ძალიან ბევრ რამეზე უსაფუძვლოდ საუბრობენ

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატები” ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ რამეზე საუბრობენ უსაფუძვლოდ, – ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” იმ ბრალდებების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროში საკადრო გადაწყვეტილების, მეორე მხრივ კი, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის შეფერხებას ეხება.
“თავისუფალი დემოკრატები” ბევრ რამეზე საუბრობენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ნატო-ს იმპლემენტაციის პროცესი ჩერდება და ბევრ რაღაცეებზე საუბრობენ, რაზეც პრინციპში საფუძველი არ გააჩნიათ. მე ღია ვარ, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვინც პარლამენტს წარმოადგენს, შესაბამისად, არა მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, მისი თქმით, ყველაფერი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და ძალიან კარგად არის.
“ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ნატო-ს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის და ზოგადად ნატო-ს შტაბბინის შეფასება. ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, შეიძლება დეტალურად ახლა არ ვისაუბროთ და ვერ ვისაუბროთ, მაგრამ საქართველოს ექნება ღირსეული, ისეთი როგორც საჭიროა, წვრთნისა და შეფასების ცენტრი და იმ ვადებში, რომელიც დაგეგმილია”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“შეხვედრა ნაყოფიერი იყო,” – ალექსანდრე ლუკაშენკო
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – პოროშენკოსთან შევთანხმდი, რომ სამხედრო ექპერტებს დებალცევოში არსებული ვითარების შეფასება დაევალოთ