“მიზანი არის ერთი – მოხდეს აქცენტის გადატანა ნაკლებად საინტერესო საკითხებზე”- პრემიერი მედიას აქცენტებს უწუნებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას ინფორმაციის გავრცელებისას აქცენტებს უწუნებს. როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნეელოვანი საქმე კეთდება და აქცენტიც სწორედამ პროგრესზე უნდა გაკეთდეს.
“ჩვენი ქვეყანა იძენს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი ჩამოდის საქართველოში. რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ეს არის კომპანია, რომელიც 108 ქვეყანაში ოპერირებს და, რომლის სიანვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხილზე გასაყვანი ახალი გზა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და მთავარი აქცენტები სწორედ ამ პროგრესზე უნდა გავაკეთოთ, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო და ძვირფასო ოპონენტებოც, რადგან ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველას – ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას და ყოველგვარი ზედმეტი ხმაური საბოლოო ჯამში სწორედ ქვეყანას, მის ინტერსებს აზიანებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, მედიის თავისუფლების ფონზე მთავრობას მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდების პრობლემა აქვს.

“კიდევ უფრო მეტად – ორმაგად და სამმაგად უსამართლობაა, მოისმინო კრიტიკა ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს – ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” – აღარ მინდოდა ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ მაინც მომიწია – მთელი სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა რუსეთის ხელში. სწორედ წინა მთავრობა აპირებდა გაზსადენის გაყიდვასაც. ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძის ერთი შეხედვა “გაზპომის” წარმომადგენლებთან გახდა რაღაც საოცარი აჟიოტაჟის საფუძველი. მიზანი არის ერთი – მოხდეს აქცენტის გადატანა ნაკლებად საინტერესო საკითხებზე და არ მოხდეს მთავარზე კონცენტრირება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს ინფორმაციის მიღების პრობლემა. მე თუ მკითხავთ და გულწრფელად გეუბნებით, დღეს საქართველოში იმ სამთავრობო გეგმების, სამთავრობო პროგრამების შესახებ ინფორმაციისმიღების პრობლემაა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. პრობლემა არ აქვს მედიას ინფორმაციის გავრცელების, პრობლემა გვაქვს ჩვენ – მთავრობას, ინფორმაციის მოსახლეობამდე მიწოდების. ამას აკეთებენ არა მხოლოდ “რუსთავი 2”, “იმედიც”, “მაესტრო” და “პირველი არხიც” – ყველანი, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქებით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად ტელეკომპანიების მიერ არასწორი აქცენტების გაკეთებისა, მთავრობა მათ საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს.
“ჩვენ ავირჩიეთ ქვეყნის განვითარების სხვა გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა “რუსთავი 2″-თან, იგივე სხვა მედიასაშუალებასთან დაკავშირებით, ეს კითხვები უნდა გადაამისამართოს სხვა სუბიექტებზე, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ჩვენ ვაგრძელებთ”,- განმარტა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვას ითხოვს
შემდეგი სტატიაPlayboy შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებას შეწყვეტს