“მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა”

“თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გადასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში, რომელიც მათ საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ გააკეთეს. “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრირებას ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებასა და საგარეო პოლიტიკური საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე. მიუხედავად “თავისუფალი დემოკრატებისა” და პერსონალურად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ოთხი თვის უკან წამოწყებული პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც თავდაცვის სამინისტროს უდანაშაულო თანამშრომლების დაკავებასა და პარტიის წევრების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაში გამოიხატა, ჩვენ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტიული ინტერესები გვერდზე გადავდეთ და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაინც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით გაგვეგრძელებინა საგარეო თუ საშინაო მიმართულებებზე სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჯერ კიდევ კოალიციურ რეჟიმში ნაკისრი ვალდებულებების რეალიზება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაათვითცნობიერა ვერც ერთი ზემოაღნიშნული გამოწვევის სიმწვავე და მნიშვნელობა და ნაცვლად მათზე რეაგირებისთვის პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაციისა, არჩევანი შიდაპოლიტიკური ბრძოლის სასარგებლოდ გააკეთა. ბოლო პერიოდში “ოცნების” მიერ მიღებულ მცირერიცხოვან გადაწყვეტილებათაგან ერთ-ერთი სწორედ “თავისუფალი დემოკრატის” ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერის თანამდებობიდან გადაყენება აღმოჩნდა.
როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული უაღრესად საგანგაშო განცხადებები გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება, ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას. სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და მათ მოკლე დროში ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმა მოყვება. საქმე გვაქვს, ერთის მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ერთგულებაზე გაკეთებული განცხადებების ხელახალ დადასტურებასთან და მეორეს მხრივ, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან მიღწეული შეთანხმებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასა და რუსეთთან პირისპირ დარჩენის ძალიან სახიფათო, ძალიან დინამიკურად მიმდინარე პროცესთან. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველი და შესაბამისად, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტია “თავისუფალმა დემოკრატებმა” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ჩვენს მიერ პარლამენტში დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტებების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე: შენარდნაძის ეპოქა ჩემს ბიოგრაფიაში სამარცხვინო ნამდვილად არ არის
შემდეგი სტატიარატომ ჩაიშალა იურიდიული კომიტეტის სხდომა?