„მივესალმები, თუ საქართველოს ქალი პრეზიდენტი ეყოლება“

გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე მოხარული იქნება, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდაზე ისაუბრა.

მან გაერო-ში ქალთა სტატუსის შესახებ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაერო-ს წევრი ქვეყნების მინისტრმა, დეპუტატმა და ქალმა პრეზიდენტებმა მსოფლიოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

გუგული მაღრაძის განცხადებით, აუცილებელია, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდოს და 30%-ზე მაინც ავიდეს.

“ამ ქვეყანაში 51% ქალი ცხოვრობს, გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება მთელ ქვეყანას, ქალთა ინტერესებიც უნდა აისახოს და თუკი არ არის წარმომადგენლობითი მათი რაოდენობა, ეს სრულყოფილი არ არის. მამაკაცისა და ქალის ხედვა ხშირად განსხვავებულია და შეიძლება ცალმხრივი იყოს მიღებული გადაწყვეტილება. 2015-2020 წლამდე გაერო-ს ერთ-ერთი გამოწვევაა სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს გენდერულ თანასწორობას. ღარიბ მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნაწილი ქალები არიან, ეკონომიკა, ბიზნესი და სხვა მამაკაცის პრიორიტეტებია. ამიტომ ეს გაერო-ს მხრიდან აქცენტირებულია. მეორე გამოწვევა ქალებისა და გოგონებისთვის კარგი განათლების მიცემაა, რომ მათ დასაქმება შეძლონ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გუგული მაღრაძემ საქართველოში სუსტი სქესის მეტად გასაძლიერებლად ქალი პრეზიდენტი ისურვა. დეპუტატის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს წარადგენს.

„თუ ქალი პრეზიდენტი გვეყოლება და ასეთი ტენდენციები იქნება პოლიტიკაში, მაშინ მეტი დემოკრატია, მეტი დიპლომატია იქნება. ძალიან კარგი პრეცედენტი იქნება და მივესალმები, თუ ქალი პრეზიდენტი გვეყოლება“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო