მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს

მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების "დახმარებით" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს (ხურვალეთში განვითარებული მოვლენები ამის დასტურია), რასაც სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან "გამშველებლის" ტრადიციული მისია უნდა მოყვეს. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს არცერთი ეს ვარიანტი კარგს არაფერს უქადის. პირველ შემთხვევაში ეს პირდაპირი უსიტყვო კაპიტულაციაა, რაც საქართველოს გაქრობას ნიშნავს საზოგადოებრივი პროტესტის, ანუ მომავლის გარეშე. ეს ვარიანტი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს და უკვე გამორიცხულია ხურვალეთში განვითარებული პროცესების და 18–ში დანიშნული აქციის გათვალისწინებით. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს: რუსეთის აგრესია უნდა გაპროტესტდეს! ოღონდ უნდა გაპროტესტდეს არა რუსულ–ქოცური, არამედ ქართული სცენარით. მივმართავ ყველას, ვინც გადავდეთ ურთიერთმტრობა, ქიშპობა, ურთიერთპრეტენზიები და ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გარშემო გავერთიანდით! ხვალინდელ აქციაზე მოდიან ნაცები, ანტინაცები, ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, არავისტები, პარტიულები, უპარტიოები – ყველა, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა! გუშინდელი მტრები ვდგებით ერთად! ჩვენ არ გვაქვს არჩევანი – პროტესტი აუცილებელია და მას ალტერნატივა არა აქვს, ოღონდ ჩვენი პროტესტი არ უნდა განვითარდეს რუსული სცენარით! ნებისმიერი ჩოჩქოლი ან საქმის გარჩევის მცდელობა აქციის მონაწილეთა შორის, უნდა შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და ძირშივე იქნას აღკვეთილი აქციის ორგანიზატორების მხრიდან! იმედია, 18 ივლისის აქციის ორგანიზატორებს ეს ესმით. მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით დაბრმავებული, თვლის რომ ეს ნაცების აქციაა და ამიტომ უნდა დაუპირისპირდეს! არც ვკითხულობ, ვინაა ამ აქციის ორგანიზატორი! აქცია აუცილებელია და ამ აქციაზე მივდივართ ყველა, არა მხოლოდ ნაცები! ყველა, ვინც ურთიერთპრეტენზიებზე, გუშინდელ მტრობაზე და სიძულვილზე მაღლა საქართველოს მომავალი დავაყენეთ! პროტესტი აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გაემიჯნოს ხელისუფლების აზრს! ამიტომ გთხოვთ, ნუ დაეხმარებით რუსეთს და დღევანდელ ხელისუფლებას, აქციის დარბევა ან რაიმე ამდაგვარი მოსახლეობის სახელით, ანუ თქვენი სახელით გააკეთოს, როგორც ეს მოხდა ხურვალეთში! სირცხვილია!!! მივმართავ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს: ვინც ვერ გადალახეთ ერთმანეთს შორის შუღლი და მტრობა, ნუ მოხვალთ! მოგვეცით აქციაში მონაწილეობის მსურველებს რუსეთის ოკუპაციის და დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის მშვიდობიანი გაპროტესტების საშუალება! ეს ჩვენ არ გვჭირდება! ეს ჭირდება ჩვენს შვილებს! ისე ნუ ვიზამთ, რომ იმ მომავლისთვის, როცა ჩვენი შვილების დრო მოვა, საქართველო აღარ არსებობდეს! სტატუსი: ვისშიც ამ ქვეყნის სიყვარული მეტია, ვიდრე საკუთარი პრეტენზიები ან სიძულვილი ვინმეს მიმართ, ის გაიგებს, რაც დავწერე!14 წელია, აქტიურ პოლიტიკაში არ ვარ.
14 წელია, ჩემი განვლილი წლების გამოცდილებით და ანალიზის გარკვეული უნარით, მაქვს საშუალება, გვერდიდან დავაკვირდე მოვლენებს, პოლიტიკოსებს, მათ მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, საკუთარ თავსაც.
ძალიან ბევრი რამე გავიგე და დავინახე ამ 14 წლის განმავლობაში ისეთი, რასაც ალბათ ნაკლებად შევამჩნევდი, ან უბრალოდ, ამდენი ფიქრის დრო არ მექნებოდა, მე რომ ისევ აქტიურ პოლიტიკაში ვყოფილიყავი, რადგან მაშინ უკვე ამ პროცესების მონაწილე და, თავისთავად, პარტიულად დაინტერესებული მხარე ვიქნებოდი.
ეს შესავალი ბევრად უფრო ტევადია, ვიდრე ამ სტატუსის თემა და უფრო წიგნის შესავალს ჰგავს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალში დაიწერება. ამ წუთას კი ამ შესავლით, მაქსიმალურად მოკლედ, დავწერ იმაზე, რაც, ჩემი აზრით, პოლიტიკას უკავშირდება, მაგრამ სცდება პოლიტიკის საზღვრებს და ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა, პრობლემა, რომელიც კი არ იკლებს, მატულობს–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მე არ მახსოვს დრო, რაც თავი მახსოვს, იმაზე შემზარავი, რაც დღეს არის…
მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს.
ყველაფერი კი ბევრად ადრე დაიწყო – როცა ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ე.წ. პერესტროიკის წლებში ასპარეზზე ღიად გამოვიდნენ ძველი დისიდენტები, ყოფილი პოლიტპატიმრები, იატაკქვეშეთში მყოფი პარტიები, შეიქმნა ახალი ორგანიზაციები და თითოეულ მათგანს საკუთარ მომხრეთა ბანაკები გაუჩნდა.
ამ წერილში მე სწორედ პოლიტიკურ ლიდერთა და მათ მომხრეთა თემას მინდა შევეხო, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი საზოგადოების დღევანდელი უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, საიდანაც თითქოს გამოსავალი არ ჩანს, სწორედ ამ პრობლემიდან იღებს სათავეს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი და აქტიური იყო თაობა, რომელმაც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრა, ჩვენ, ბოლშევიკური აზროვნების და ერთპარტიული მმართველობის პირობებში გაზრდილი ადამიანები იმ ღირებულებებს, რაზეც აღმოცენდა ეროვნული მოძრაობა – მრავალპარტიულობა, პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, ეროვნულობა – ერთი სიტყვით, დემოკრატია, აბსოლუტურად მოუმზადებელი დავხვდით და რისთვისაც ვიბრძოდით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებდით – გავიხლიჩეთ, ერთმანეთს დავუპირისპირდით, მრავალპარტიულობის მომხრეები მხოლოდ საკუთარ თავებს და ორგანიზაციას ვცნობდით, სხვას ყველას მტერს ვეძახდით, ვერც 9 აპრილმა გაგვაერთიანა, პირიქით – დამოუკიდებლობის და ეროვნულობის (სახელმწიფოებრიობის) მომხრეებმა რადიკალიზმი, რომელიც ჩვენ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში უნდა გვქონოდა (ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთში იყო), ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიტანეთ.
სანამ ეს ყველაფერი ეროვნულ მოძრაობაში ხდებოდა, მანამდე ჯერ კიდევ არსებობდა ხალხი, რომელიც ერთიანობას მოითხოვდა, არსებობდნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ხვდებოდნენ, რომ ეს ერთიანობა აუცილებელია, მაგრამ რამდენჯერმე პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებას, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ უახლოესმა გარემოცვებმა, ზოგ შემთხვევაში, ოჯახურმაც, და ფანატმა მომხრეებმა შეუშალეს ხელი.
როცა ეროვნული მოძრაობის ერთმა რადიკალურმა ფრთამ არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო მეორე რადიკალურმა ნაწილმა კი პარალელური – ეროვნული კონგრესის არჩევნები ჩაატარა, მთავარი უბედურება მაშინ დაიწყო.

irina-sarishvili
რატომ დავიწყე ასე „შორიდან“?
იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერი, როგორი მაგარი, ქარიზმატული და კარგიც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებით, და რაც უფრო მაღლა იწევს ის პარტიული ლიდერობიდან ხელისუფლებამდე, მით უფრო იმატებს ცდუნების რისკი, რადგან ძალაუფლება ერთ–ერთი უმთავრესი კერაა ცდუნების. ლიდერი, რომელიც ისედაც დაუშვებს შეცდომებს, რადგან უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგება, მით უფრო, თუ მას დემოკრატიული მმართველობის არანაირი გამოცდილება არა აქვს. ამ დროს მას გვერდით მდგომი ნამდვილი თანამოაზრე სჭირდება, რომელსაც უფრო დაუჯერებს, ვიდრე ოპონენტს, რომელიც დაამშვიდებს და არა გაახელებს ოპონენტის (და არა მტრის) წინააღმდეგ, რომელიც მომხრეებს მოუმატებს და არა მოაკლებს, რომელიც სწორად იფიქრებს ქვეყნის და საკუთარ მომავალზეც. ასეთი თანამოაზრეც ციდან ვერ ჩამოვარდებოდა იმ დროს, რადგან არც მას ჰქონდა დემოკრატიული ღირებულებების გარემოში ცხოვრების გამოცდილება.
ჰოდა როცა ეროვნული მოძრაობის ერთმა რადიკალურმა ფრთამ არჩევნებში გაიმარჯვა და მეორემ ალტერნატიული ეროვნული კონგრესი შექმნა, საყოველთაო ურთიერთლანძღვა, წყევლა, ცილისწამებების კორიანტელი, ერთმანეთისთვის აგენტების იარლიყების მიკერება მთელი ქვეყნის მასშტაბით არნახული ძალით დაიწყო. ერთმანეთში აირია ტყუილ–მართალი, უვიცი და პროფესიონალი, პრაგმატიზმი და უპრინციპობა, პატრიოტიზმი და ურაპატრიოტიზმი. ორივე მხრიდან ჩაირთო ფანატ მომხრეთა ბატალიონები, წამოვიდა ზიზღი, აგრესია. ეს თავიდან – ორი მხრიდან… მერე, დროთა განმავლობაში ეს ორი მხარე კიდევ ნაწილებად დაიყო და აგრესიამ სულ სხვა მასშტაბები მიიღო.
მაშინ ამას ყურადღება არავინ მოვაქციეთ, ისეთი ყურადღება, რასაც ეს უბედურება იმსახურებდა. სიძულვილზე სიძულვილით, აგრესიაზე აგრესიით, გინებაზე გინებით ვპასუხობდით ერთმანეთს და არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და არც არავის აინტერესებდა, ვინ იყო მართალი ან მტყუანი. მრავალპარტიულობის მომხრეები მარტო საკუთარ პარტიებს ვცნობდით, დამოუკიდებლობა გვინდოდა და რუსეთის მაგივრად ერთმანეთს ვებრძოდით, ადამიანის უფლებების დამცველები ცილისმწამებლებლად გადავიქეცით. რამოდენიმე მცდელობა, კრიტიკულ მომენტში ერთად დადგომის, კრახით დასრულდა, ისევ და ისევ გაავებული ფანატი მომხრეების „წყალობით“. ასე მივედით იმ დონის დაპირისპირებამდე, რომელსაც სამოქალაქო ომი და ხელისუფლების ძალით დამხობა მოჰყვა.
ვერც მაშინდელმა ხელისუფლებამ და ვერც მისმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვერ შეძლო შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, რომელიც თავად ხელისუფლების შიგნით – „მრგვალ მაგიდაში“ დაიწყო. პოლიტიკურ ოპოზიციას არც მაშინ და არც მერე ხელში იარაღი არ აუღია, არც სამხედრო საბჭოში გაწევრიანებულა, მაგრამ მაინც ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მხარეს წარმოადგენდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ყველას გადაუნაწილდა, მათ შორის ხელისუფლებასაც, რომელმაც, ისევე როგორც ოპოზიციამ, სწორედ მოწინააღმდეგის მიმართ სიძულვილით შეპყრობილი ფანატების გამო ვერ შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება.
ამის შემდეგ რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა.
და ყოველ ახალ ხელისუფლებას უმძიმეს მემკვიდრეობად ხვდებოდა რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი, ერთმანეთზე სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაკიდებული მომხრე–მოწინააღმდეგეები, რომელთა დიდი ნაწილს ერთმანეთის წინააღმდეგ აგრესიის და საკუთარი რჩეულის მიმართ გავეშებული მხარდაჭერის გარდა სხვა ინტერესი აღარ ჰქონია.
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მოსახლეობაში გამეფებული მომხრე–მოწინააღმდეგეთა ურთიერთაგრესია ვარდების რევოლუციის გზით მოსული არაერთგვაროვანი, ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი სამეულისთვის – ქარიზმატული, არნახული ენერგიის მქონე მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატი, უდაოდ ძალიან ნიჭიერი, თუმცა სრულიად უქარიზმო ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, როგორც ამ უჩვეულო ცვლილების ლეგიტიმურობის გარანტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, რომელსაც იმ ეტაპისთვის სხვა დატვირთვა არ ჰქონდა.
ამ ხელისუფლებას წინამორბედებისგან განსხვავებით ურთულესი ამოცანა ჰქონდა – მრავალწლოვანი დახავსებული კორუპციის, ფსიქოლოგიურად კიდევ ძველ დროში მცხოვრები მოსახლეობის ფონზე სრულიად ახალი, უჩვეულო, შოკური რეფორმების გატარება, რომლისთვისაც ქართველი ხალხის უმეტესობა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ასეთ ამოცანასთან სრულიად შეუთავსებელი იყო წლების განმავლობაში უკვე ძვალსა და რბილში გამჯდარი ურთიერთსიძულვილი, აგრესია, რომელიც ხელისუფლების ყოველი ცვლილებისას კიდევ უფრო იმატებდა, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამ ყველაფერს კიდევ უჩვეულო სიახლეების მიმართ შიშიც დაემატა. და ისევ განზე დარჩა დემოკრატიული ღირებულებები – სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში შექმნილი უმძიმესი კრიმინოგენული ვითარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაშვებული იყო ბევრი შეცდომა, ზოგი ალბათ გარდაუვალიც. როგორც წინა ხელისუფლებების დროს, იყვნენ სამართლიანად და უსამართლოდ უკმაყოფილოები, დაზარალებულები, ისინი, ვინც მარტო ცუდს ხედავდნენ, მეც, მათ შორის, რადგან ძალიან ძნელი იყო იმ წნეხის გაძლება, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ მათი აგრესიული მომხრეებისგან და ტიპიური მედროვეებისგან მოდიოდა.
9 წლისთავზე, ნაციონალური მოძრაობის სიძულვილით და დიდი ვარაუდით, უფასო ფულის მოლოდინით იმავე ამომრჩეველმა დღევანდელი ხელისუფლება, უფრო სწორად ერთი კაცი აირჩია, რომელიც უკვე მეოთხე წელი ხდება, ნაწილ–ნაწილ, დაუფარავად მთელი საქართველოს მესაკუთრე ხდება…
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!
ამ შესავალს არა აქვს პრეტენზია განვლილი 26 წლის სიღრმისეული შეფასების.
აქ მხოლოდ საზოგადოების, უფრო სწორად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ჩამოყალიბების საბედისწერო პროცესზეა საუბარი.
ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ უფრო კარგად იყოს გასაგები, რასაც ეხლა ვიტყვი და უფრო კარგად დავინახოთ ჩვენი უბედურების სათავე: ურთიერთსიძულვილი, ბოღმა, გაუტანლობა, უგუნურებამდე მისული სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირება, ყველაფერში სხვისი დადანაშაულება, საკუთარი თავის გარდა!
საქართველოს, პირველად თავის ისტორიაში დღეს ჰყავს ერთი კაცის საკუთრებაში მყოფი ფასიანი მთავრობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და ერთადერთი პოლიტიკური დავალება, რაც უნდა შეასრულოს, საქართველო, ხალხით ან უხალხოდ, რუსეთს ჩააბაროს.
და ასეთ ფონზე, ისევ ტრადიციული სიძულვილით და არა სამართლიანობის სიყვარულით ან რაიმე დემოკრატიული ღირებულებების დაცვით, პიკს აღწევს მომხრე–მოწინააღმდეგეთა დაპირისპირება ისეთ საკითხებზეც კი, რომლებიც არცერთი წინა ხელისუფლებების დროს საზოგადოებაში საკამათო არ იყო – ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ვამხელდით და საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს გვიჭერდა, ზღუდავდნენ საინფორმაციო საშუალებებს, ამაზეც ვხმაურობდით და ისევ, საზოგადოების ე.წ. მოწინავე ნაწილი გვერდით გვედგა!
დღეს კი რა ხდება?!
უკვე მერამდენედ, ამჯერად რუსთავი 2–ის აშკარა პოლიტიკური დევნის გამო, არათუ არ ესმის იმავე საზოგადოების ნაწილს, რომ ყველას და ყველაფრის უფლება უნდა დაიცვა, იმისდა მიუხედავად, მოგწონს თუ არა შენ ის, არამედ გააფთრებულ ბრძოლას გიცხადებს და ყველანაირ შეურაცხყოფებზე და ცილისწამებებზე მიდის!
ორი დღეა, თავი ფრონტის ხაზზე მგონია, ისე ვიგერიებ ამ ხელისუფლების დამცველების ან, უბრალოდ, ნაცთმოძულეთა შეტევებს! და არა მხოლოდ ამ ხელისუფლების დამცველების და ნაცთმოძულეების!
ჩემი მეგობრები, ისინი, ვინც გუშინ ჩემთან ერთად იცავდნენ რაღაც ღირებულებებს, დღეს იმავე ღირებულებების წინააღმდეგ გამოდიან პრინციპით – ის თუ არღვევდა, მეც დავარღვევ, ის თუ კლავდა, მეც მოვკლავ, ის თუ მზღუდავდა, მეც შევზღუდავ.
და სწორედ ამიტომ, მე არ მახსოვს დრო ამაზე უფრო შემზარავი!
მთელი ქვეყანა შურისძიების რეჟიმში ცხოვრობს.
რატომ უნდა მჭირდებოდეს მე დღეს იმის მტკიცება, რომ სხვისი უფლებების დარღვევის დაშვება ხვალ ჩემს უფლებებს შეუქმნის საფრთხეს?!
რატომ უნდა ავხსნა მე ის, რომ რუსთავი 2 შეიძლება არ მიყვარდეს, მაგრამ მისი არსებობა ჩემი სიტყვის თავისუფლების გარანტიცაა?!
რატომ უნდა გაუჭირდეს ადამიანს იმის გაგება, რომ შეიძლება არ იყო მიშისტი, არ იყო ნაცი, მაგრამ წარმატება უსურვო მიშას იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება?!
და მარტო ეს არაა უბედურება!
რატომ უნდა მეცეს მე დღეს რომელიმე ზვიადისტი ან ვინმე და გამლანძღოს იმის გამო, რომ წარსულში რაღაცას სწორად თუ არასწორად შეცდომად მითვლის?!
მე რომ არავის გპასუხობთ, არც არავის საკუთარ შეცდომებს არ გახსენებთ, ასევე სწორად თუ არასწორად, როგორ ფიქრობთ, რატომ???
ამდენი ხნის განმავლობაში იმდენად მაინც გამიცნობდით, პასუხი რომ არ გამიჭირდება, ამას მაინც რომ მიხვდეთ!
დღეს რომ ჩვენ ერთმანეთს ბრალდებები წავუყენოთ და პასუხები გავცეთ, ეს სადამდე მიგვიყვანს, ვერ ხვდებით???
მე უკვე იმდენი მაქვს გადატანილი და იმდენად კარგად ვიცი დღეს, რას და რატომ ვითმენ, რომ ასეთი თავდასხმებით მე მაინც ვერ გამაჩერებთ! მაგრამ სხვებს?!
ან რას ნიშნავს თქვენი პრეტენზიები? თქვენ გკითხოთ, ხმის ამოღების და სუნთქვის უფლება?! რამე მინდა თქვენგან? რამე გთხოვეთ, ან ხმა ან ფული?
ვერ ხვდებით, რომ ამით იმათ ემსგავსებით, ვისაც რუსთავი 2–ის დახურვა უნდა, იმიტომ რომ არ მოწონს?!
ან ვინც მიშას ოდესაშიც ერჩის?!
მარტო ემსგავსებით კი არა, მათზე ბევრად უარესები და სასაცილოები ხართ, რადგან რუსთავი 2 ტელევიზიაა, მიშა – ყოფილი პრეზიდენტი, ხოლო მე ფეისბუკში სტატუსებს ვაქვეყნებ!
თუ თქვენი ბოღმის დაძლევა არ შეგიძლიათ, იმაზე მაინც იფიქრეთ, ვისაც თაყვანს სცემთ! მე კი ვუძლებ თქვენს შემოტევებს, მაგრამ ხვდებით, თქვენი წყევლა–კრულვით, სიბინძურეებით რამდენ ადამიანს აფრთხობთ, რომელსაც ასეთივე პოზიცია აქვს?
რა ძედოვშინა გაქვთ? არ გირჩევნიათ, თქვენი პოზიცია სხვამაც გაიზიაროს?
რისი გეშინიათ? რა არ გასვენებთ?
ბოღმიანები და სიძულვილით დაბრმავებულები რა მნიშვნელობა აქვს ვისკენ ხართ?!
ამ დამოკიდებულებით, დაიცავდით კი დღეს რუსთავი 2–ს, თქვენთვის მოსაწონი პოზიცია რომ არ ჰქონდეს? ალბათ არა!
როცა ამას ვწერ, ვინმეზე ჭკვიანი კი არ მგონია თავი ან ვინმეს ჭკუას კი არ ვასწავლი!
უბრალოდ ძალიან ბევრ თქვენგანზე ბევრად მეტი მაქვს ნანახი, ცუდიც და კარგიც! შეცდომებიც ალბათ თქვენზე მეტი მაქვს!
მე აქ რაც დავწერე დასაწყისში, ძალიან ზედაპირულად, ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით ამ ყველაფრის თვითმხილველი და მონაწილე ვარ ჩემი შეცდომებით და წარმატებებით და ძალიან კარგად ვხედავ საფრთხეს, რომელშიც ჩვენი ადრინდელი გამოუცდელობით აღმოვჩნდით!
რაც გვერდიდან დავინახე და რასაც მივხვდი, იმას ვწერ!
შურისძიების, გულიდან ამოუღებელი ბოღმის წრეში ვტრიალებთ 26 წელია (კომუნისტებზე აღარაფერს ვამბობ, ისედაც გასაგებია)!
ჩვენ ერთი მტერი გვყავს – რუსეთი!
და მეორე, და ალბათ, მთავარი – საკუთარი თავი!
არჩევნები კი არა, ხვალ ქუჩაში გასვლაც რომ დაგვჭირდეს, ერთმანეთს დავხოცავთ, ასე თუ გავაგრძელებთ!
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მე არ მახსოვს დრო იმაზე შემზარავი, რაც დღესაა და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ხვალ იგივეს ვიტყვი ხვალინდელზე, ზეგ კი შეიძლება აღარც ვიყოთ!…
და ეს არ დამთავრდება, თუ უმრავლესობამ და არა თითო–ოროლა კაცმა ერთად არ ამოვიძახეთ:
კ მ ა რ ა !!!!!!!!
შ ე ვ ჩ ე რ დ ე თ !!!!!!!!!!!!!!
ჩვენს უკან და წინ საქართველოა!–წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი საკუთარი ფოსტის გატეხვაში რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადევიდ ლინჩმა “ტვინ პიკსის” ახალ სცენარზე ისაუბრა