მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. როგორც “თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.

კერძოდ, უწყების ცნობით, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. “მათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება”, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. “დეპარტამენტის დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ, მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება”, – აცხადებენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში. პროკურატურის განცხადებით, გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე. მთავარი პროკურატურა აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას 2015 წლის 4 მარტს გამართავს და საზოგადოებას დაწვრილებით მიაწვდის ინფორმაციას დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობებისა და გეგმების შესახებ.

banner
წინა სტატიაში„გარკვეული ეჭვები ჩნდება, რომ იქ ყველაფერი კარგად არ არის“-„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მერიის კონკურსზე
შემდეგი სტატიარუსეთის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი – ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა