მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სრულიად ახალი წესით მოხდება.

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

parlament“პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სრულიად ახალი წესით მოხდება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადად 6-წელს განსაზღვრავს და აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნას კრძალავს.
პროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართულია საპროკურორო საბჭო და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
კერძოდ, “პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი. საბჭო განიხილავს კანდიდატურას და წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ამტკიცებს მას, ხოლო თუ კანდიდატმა ხმების საჭირო ოდენობა ვერ მოაგროვა, იუსტიციის მინისტრი სხვა კანდიდატურას ასახელებს.
ამის შემდეგ, საბჭოს მიერ დამტკიცებული კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ მთავრობას წარედგინება, რომლის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. თავის მხრივ პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
თუკი მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას წარუდგენს. რაც შეეხება პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატურის არჩევას, თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას (სიითი შემადგენლობის უმრავლესობა), იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატის მიმართ სრული პროცედურა ხელახლა მეორდება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან
ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძვლებს. კანონპროექტის თანახმად, ამგვარი საფუძველია საკმარისი საფუძვლის არსებობა ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭო საგანგებო (ად ჰოც) პროკურორს ნიშნავს, რომელიც ამზადებს და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას.
საგანგებო პროკურორი საპროკურორო საბჭომ შეიძლება დანიშნოს: პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიმართვის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით, რა დროსაც საგანგებო პროკურორის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით.
საგანგებო პროკურორი დასკვნას ამზადებს და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დანიშვნიდან 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება საგანგებო პროკურორის შუამდგომლობით და საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვის ვადით.
საპროკურორო საბჭო წევრთა 2/3-ით ამტკიცებს საგანგებო პროკურორის დასკვნას, რის შემდეგაც მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. მიმართვას თან უნდა ერთვოდეს დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები.
პროექტის მიხედვით, თუკი მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, იგი პარლამენტს მიმართავს წარდგინებით, რომელსაც თან დაერთვება საგანგებო პროკურორის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები, რათა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის წარდგინებას
მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ამასთან, თუ საგანგებო პროკურორის დასკვნაში არ არის დადასტურებული დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, თუ საპროკურორო საბჭო უარს განაცხადებს დასკვნის დამტკიცებაზე, თუ მთავრობა არ განაცხადებს თანხმობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, ან თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მთავარი პროკურორი შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს თანამდებობიდან იმ შემთხვევაშიც, თუ მან დისციპლინური სამართალდარღვევა ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საპროკურორო საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობითა და წესით, თუმცა იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური სამართალდარღვევის შემთხვევაში საგანგებო პროკურორი არ დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიამჟამად გულიკო ჭიტაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო