“მთავარი ამოცანაა, გავზარდოთ საქართველოს ეკონომიკა, რათა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის გაზრდით, მეტი ადამიანი დასაქმდება უკეთესი ანაზღაურებით.

პრემიერი “მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის” და “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი განმარტებით, საქართველო, ჭეშმარიტად, ფრონტის ხაზზე მდგომი ქვეყანაა, რადგან იმყოფება მრავალი დიდი გამოწვევის წინა ხაზზე.

“მნიშვნელოვანი რეგიონალური საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში,”- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, იგი მიეკუთვნება ქართველთა იმ ახალ თაობას, რომელიც გაიზარდა საოცარი ცვლილებების ფონზე.

“ჩვენს თაობას ესმის, რომ ქვეყანას არ შეუძლია წარსულის შეცდომების განმეორება და რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო, უფრო თავისუფალი და აყვავებული მომავალი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

“საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირე და მეგობარია, იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოს მთავრობის სათავეში. ჩვენი ინტერესები ემთხვევა და ჩვენს მეგობრობას ღრმა საფუძველი აქვს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ამ რეგიონში უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიის გამარჯვება,”-აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გარდა, არსებობს სამი ძირითადი მიმართულება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება აქვს გამახვილებული: ეკონომიკური განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

“ჩვენ ვახდენთ ინვესტირებას მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ჩვენ ვაშენებთ უკეთეს გზებს, ხიდებს და პორტებს, რათა სრული ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი ხელისუფლება საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობას იყენებს იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კერა, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს. ჩვენ, ასევე, ვზრუნავთ იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის,”- განმარტა პრემიერმა.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტები მეორად ჩარიცხვებზე პრემიერის პასუხს ელოდებიან
შემდეგი სტატიასაქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ირლანდიას დაუპირისპირდება