„მე უნდა დავინახო, რომ ესა თუ ის მინისტრი მართლა უმრავლესობამ აირჩია“

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველა ის ქმედება, რომელსაც ის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით ახორციელებს, პროცესისთვის ხელის შეწყობისთვის არის გამიზნული.

როგორც მარგველაშვლმა განმარტა, მისი გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში წარდგენამდე კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთკვირიანი ვადა გამოეყენებინა, უკავშირდება იმას, რომ მას სურდა პოლიტიკური პროცესები ჯანსაღად წარმართულიყო და მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის სტრუქტურებს მეტი დრო ჰქონოდათ.

ამასთან, პრეზიდენტი არ აკონკრეტებს თუ როდის გადააგზავნის მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის.

„მე შედეგს ვხედავ იმას, რომ ეს პროცესი შედგა. თუნდაც პოლიტსაბჭოს შეკრება ამის თაობაზე და თითოეული კანდიდატურის განხილვა ჩემთვის პოზიტიური შედეგი იყო. თუნდაც უმრავლესობის დეპუტატების კომენტარები იმის თაობაზე, რომ უფრო დეტალურად ჩაიხედეს, ჩემთვის პოზიტიური შედეგის მომტანი იყო. მაგრამ კიდევ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი – ბუნებრივია, ეს ერთჯერადი პროცესი არ არის. ნებისმიერ სხვა მომენტში, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ პოლიტიკური მდგრადობა არ იქნება, მე ხელს შევუწყობ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მშვიდ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. მინისტრების კანდიდატურები ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩემი კომპეტენციაა პოლიტიკური პროცესი. ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის იქნება მინისტრი, ეს ლეგიტიმურია, მაგრამ მე უნდა დავინახო რომ ეს მართლა უმრავლესობამ აირჩია ეს მინისტრი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, იმისთვის, რომ პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს, შემადგენლობა პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს. გიორგი მარგველაშვილმა შემადგენლობის გაგზავნამდე კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთკვირიანი ვადა გამოიყენა, რომელიც 8 მაისს იწურება.

banner
წინა სტატიაში„როცა მასპინძლობაზე განაცხადი გავაკეთეთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამდენი საქმე გვექნებოდა“
შემდეგი სტატია“თავდაცვის სფეროში განსაკუთრებული სტაბილურობა გვმართებს”