“მე რიგითი ნარმანია ვარ”-გიგი უგულავა

უგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს“მე რიგითი ნარმანია ვარ,” – ამ შინაარსის წერილს თბილისის ყოფილი მერი და ახლა პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა აქვეყნებს.

გიგი უგულავას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. გაძლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ დაზარალებულთ. სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვით მაქვს ჩემი თანადგომის გამოხატვის საშუალება.

ეს ტრაგედია კიდევ დიდხანს შეძრავს ჩვენს გონებასა და სულს.

მე, თბილისის ყოფილი მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რასაც ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიე, ან ვერ მივაღწიე. ჩემი პოზიცია არასოდეს შეიცვლება იმის მიხედვით, თუ აქ და ახლა რა არის მომგებიანი. ჩემი პასუხისმგებლობა წარსულში ვერ დარჩება, ის მთელი ცხოვრება თან გამყვება.

ამ მძიმე დღეებში უხერხულად მიმაჩნია პოლემიკაში შესვლა მათთან, ვინც ცდილობს, ტრაგედია პროფესიული პოზიციების გასამყარებლად, პოტენციური გამორჩენისთვის გამოიყენოს. არაერთი ასეთი გამოჩნდა.

პატივს ვცემ იმ პირთა აზრს, ვინც ურბანული, თუ სატრანსპორტო კუთხით აკრიტიკებდა და აკრიტიკებს ვერეს ხეობის ახალი გზის არსებობას. პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიზიარებდი და არც ახლა ვიზიარებ.

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟი

ეს გზა აუცილებელია ქალაქის ფუნქციონირებისათვის და მისი საჭიროება რამდენიმე დღეში მწვავედ გამოჩნდება, როცა ქალაქს სატრანსპორტო ქაოსი მოიცავს.

მცირე ისტორია: ვერეს ხეობაში ქაოტური დასახლება სვანიძისა და წყნეთის ქუჩების მიმდებარედ გასული საუკუნის 30-40-იანი წლებიდან იღებს სათავეს. 90-იან წლებში მას დაემატა რამდენიმე კაპიტალური ნაგებობა და უამრავი სამშენებლო ნარჩენი. 2005 წლამდე ვაკე-საბურთალოს პერიმეტრზე განხორციელებული მშენებლობების მთელ სამშენებლო ნარჩენს აქ მოეყარა თავი. ხეობაში ატენის ქუჩიდან და ხილიანის მხრიდან ღიად ჩაედინებოდა კანალიზაცია. ხეობა სწორედ რომ წარმოადგენდა ეკოლოგიურ-ჰუმანიტარული კატასტროფის ზონას. ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა ამ პრობლემების აღმოფხვრა, ან მინიმიზაცია.

მეტიც, გზის მშენებლობას წინ უსწრებდა მდინარის კალაპოტთან ჩასახლებული 73 ოჯახის გაყვანა და დაკმაყოფილება.

ტრაგედიის მასშტაბის წარმოდგენა არ მინდა, ამ ხალხს რომ 13 ივნისის ღამეს იქ ეცხოვრა.

მტკიცება იმისა, რომ გზა სპეციალისტების გარეშე აშენდა, ტყუილია. ჩვენთან ასეთი პრაქტიკაა დანერგილი, – თუ თავად არ მონაწილეობ რაიმე პროექტში, სხვა სპეციალისტის მონაწილეობა არ ითვლება. ასე შეიქმნა ის მითიც, რომ ეს პროექტი პოლიტიკოსებმა დაგეგმეს.

დიახ, ყველა არჩევით ორგანოში გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებენ, ოღონდ სპეციალისტების კვლევებზე დაყრდობით. ასე იყო ჩემს დროს. სავარაუდოდ, ასეა ახლაც.
ის, რომ ნაგებობამ ამ მასშტაბის ღვარცოფს გაუძლო, სწორედ მისი შესრულების მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ხოლო მტკიცება, თითქოს ახალმა გზამ გამოიწვია ღვარცოფი და ნგრევა, ძალზედ არაკომპეტენტური და ზერელეა.

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟი

მდინარე ვერე 50-60-იანი წლებიდან მოქცეულია გვირაბებში (თამარაშვილის გამზირის ქვეშ და გმირთა მოედნიდან, ვიდრე მტკვრის შესართავამდე), სწორედ მათი გამტარიანობის გათვალისწინებით მოხდა გზის და მათ შორის მოქცეული გვირაბების დაპროექტება.

ტყუილია სპეკულაციები კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან მდინარე ხეობას მიჰყვებოდა და მიჰყვება.

თბილისი მტკვარში ჩამავალი ორასამდე მდინარე-შენაკადებისგან შედგება. ზოგი მათგანი სრულიად ღია კალაპოტშია მოქცეული. ზოგი – ნაწილობრივ, ზოგიც – სრულად დახურული. მაგალითად, სოლოლაკის ხევის კოლექტორი, რომელიც თავისუფლების მოედნის ქვეშ გადის და პუშკინის გზის გავლით მტკვარში ჩაედინება.

ასე რომ, თბილისის საინჟინრო გამოცდილება ამ კუთხით მრავალმხრივია. იმედი მაქვს, ფორს-მაჟორული სიტუაციის გადავლის შემდეგ, დაინტერესებული პირები კვლავაც დაინტერესებულები დარჩებიან, განაგრძობენ ამ თემაზე დისკუსიას და “საუკეთესო პრაქტიკის” ჩამოყალიბებაზე ზრუნვას.

და ბოლოს, ყველა საზოგადოებაში ტრაგედია სოციალური პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ერთიანობის განცდას აძლევს ბიძგს. დღევანდელ ტრაგედიას გმირებად რიგითი თბილისელები გამოუჩნდნენ. ყველა გემოვნების და ორიენტაციის თბილისელი ერთად დარაზმული ცდილობს სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან გამკლავებას.

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟი

ეს კათარზისია! ხოლო ჩვენ, პოლიტიკოსებს მან უნდა გვიჩვენოს გზა, საით ვიაროთ და როგორ არ უნდა მოვიქცეთ. ამიტომ, რა ტალახიც არ უნდა ისროლონ და რა ნადირობაც არ უნდა გამოაცხადონ კუდიანებზე, მე დღეს “რიგითი ნარმანია” ვარ, რადგან ვიცი, რა ძნელია მის ადგილზე ყოფნა და ამ პასუხისმგებლობის ტარება,” -აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია