მე დავპატიჟე ისრაელის პრეზიდენტი -მარგველაშვილი ვიზიტს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში ამოუწურავი შესაძლებლობები არსებობს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში განუცხადა, სადაც მისი ვიზიტი შეაჯამა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სამაგალითოა. “ეს სამაგალითო ურთიერთობა ეფუძნება იმ ძალიან დიდ და ღრმა წარსულს, რომელიც აქვს ჩვენს ერებს. სამაგალითო ურთიერთობა არის სამთავრობო და სახელმწიფოთაშორის დონეზე. თუმცა, ამასთან ერთად, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც ჩვენ კიდევ შეგვიძლია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლიერება და კმაყოფილება გამოხატა იმ შეხვედრებით, რომელიც მისი ვიზიტის ფარგლებში ისრაელში შედგა უმაღლეს დონეზე, მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ქნესეთის ხელმძღვანელობასთან.
“ჩვენ ვისაუბრეთ რიგ საკითხებზე. ეს არის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის საკითხი და თანამშრომლობის გაღრმავება ამ მიმართულებით; ეს არის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე ერთობლივი განათლებისა და კვლევის მიმართულებით. ასევე უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობა ბიზნესის თვალსაზრისით. ამოუწურავი შესაძლობლები არსებობს და ამ ამოუწურავ შესაძლებლობას სჭირდება ძალიან ინტენსიური ჩართულობა. ამ ინტენსიური ჩართულობის გამოხატულება არის როგორც ჩემი ვიზიტი, ასევე მომავალი ვიზიტები, რომელიც განხორციელდება. მე დავპატიჟე ისრაელის პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც ჩამობრძანდება”, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი რუსთავი 2–ის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაქართული პლატფორმა: „ქოცურ“-„ნაცური“ ალიანსი ენერგეტიკაში და „სემეკი“ მარეგულირებელი სტატუსის და ფუნქციის გარეშე?