,, მე დავდივარ დაცული, მაქვს იარაღის ტარების უფლება”

არ მომწონს, რომ ადამიანები საპატიმრო დაწესებულებაში ხვდებიან, მაგრამ ჩვენ პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით , – ასე გამოეხმაურა დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ლორთქიფანიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ტყუილად აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე, მცდარია.
” ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც არ ერევა პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებებში. მე როგორც დაზარალებული, ჩემთან მოვიდნენ წარმომადგენლები და მივეცი ჩვენება თუ რა იყო და რა მოხდა. მე ვთქვი ის, რაც იყო. სასჯელის ზომა არის პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. მათ შეუძლიათ მეორე ინსტანციაში გაასაჩავრონ. მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ღრმა შეცდომაში შეყვანილი, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან იმ დოზით, რომ პროკურატურას და სასამართლოს მიეცემა საშუალება, მათ მიმართ უფრო რბილი ფორმა იყოს გამოყენებული. არც მე არ მომწონს, რომ ადამიანები საპატიმრო დაწესებულებაში ხვდებიან, მაგრამ ჩვენ პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხლეისუფლების წარმომადგენლებზე, მათ შორის დეპუტატებზე ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის ზომა 4-დან 7 წლამდე, სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის მიღებული და პასუხი დაკავებულების ოჯახის წევრებმა ამ პარტიას უნდა მოსთხოვონ.
“ის რაც მოხდა პარლამენტში 2 ოქტომბერს, ვფიქრობ, იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს არ ეძლეოდათ საშუალება შესულიყვნენ სამუშაო ადგილზე და ჩატარებულიყო პლენარული სხდომა. ეს ინციდენტი შეემთხვა არაერთ დეპუტატს – გოგლა ჟვანიას, ვალერი გელაშვილს, ლუკა კურტანიძეს, იაშა შერვაშიძეს და მე. ჩემს მიმართ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები. ბოლოს ჩემთან მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. მათ შემომახიეს პიჯაკი, გამიტეხეს სათვალე. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა”, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მორალური უფლება არ აქვთ, რომ მათ მიმართ განხორციელებული შემთხვევები მის შემთხვევას შეადარონ.
“ის რაც მოხდა 8 თებერვალს, ის იყო ეგზალტირებული მასის დიდი ნაწილი სადაც მოხდა შეხლა-შემოხლა. მაპატიეთ, ახლა თუ ქალბატონ ჩიორასთან თუ სხვებთან მიმართებაში იყო ძალადობა. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ეს ადამიანები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც შესაძლოა ქუჩაშიც ვერ დადიოდნენ ისე როგორც ეკადრება საქართველოს მოქალაქეს. ამ ბოლო დროს ძალიან წამოიჩიტნენ, ძალიან ყელყელაობენ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, რადგან ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად ვერ მოვახდინეთ სამართლიანობის აღდგენა. ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ მათი შემთხვევები და ჩემი შემთხვევა ერთმანეთს შევადაროთ. ეს მარტივი გასაგებია. “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით არ ვერევით სასამართლოს და პროკურატურის საქმიანობაში და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ან პროკურატურამ მათ თუ ჩემს შემთხვევაში, მისი პრეროგატივაა”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ირმა ნადირაშვილის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც მას მშვიდი ცხოვრება არ ექნება.
“ირმა ნადირაშვილმა თქვა, რომ სანამ ეს ადამიანები არიან დაკავებული, დავით ლორთქიფანიძეს მშვიდი ცხოვრება არ ექნებაო. მინდა შევახსენო, ქალბატონ ნადირაშვილს, რომ ასეთი განცხადებები არის მუქარის შემცველი განცხადებები. მე არ მჭირდება ნადირაშვილთან მიმართებაში დაცვის განსაკუთრებული ზომების მიღება. მე დავდივარ დაცვის გარეშე, მაგრამ მე დავდივარ დაცული ისევე როგორც უნდა იყოს ამ ქვეყანაში პარლამენტის წევრი. მაქვს იარაღის ტარების უფლება და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ნადირაშვილს, რომ ასეთი განცხადებებით საზოგადოებაში ნუ თესავს შიშის სინდრომს. მათი არავის ეშინია”, – აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ რევოლუციურ სცენარს და დაახლოებით, 2003 წლის პროცესების განვითარებას”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ უსამართლო სისტემას თავის თავზე ირგებს”