,,მე არ ვსვამ კითხვას – წავაგებთ თუ არა ომს, მე ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ”

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

მე არ ვსვამ კითხვას – წავაგებთ თუ არა ომს, მე ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში, რუსეთის ქმედებებზე საუბრისას განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი “არც ერთ მომენტში არც ერთმა ქართველმა არ უნდა დასვას”.
“სტრატეგიული მოთმინება არის ის კომფორტული პლატფორმა, რომელიც ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობას ზრდის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, ჩვენი მოქალაქეების შელახულ უფლებებზე, მაგრამ ამას ვაკეთებთ არა იარაღის ჟღარუნის ფონზე, არამედ სამართლებრივი არგუმენტებითა და ბერკეტებით, მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ხელს მოაწერენ შენ ლეგიტიმურ მოთხოვნას, იზრდება. რაც შეეხება მეორე მომენტს: რეალურად ჩვენ ჩვენ თავში კითხვას არ ვსვამთ იმასთან დაკავშირებით, ვართ თუ არა წაგებულები – მე არ ვსვამ ამ კითხვას წავაგებთ თუ არ წავაგებთ. მე ვიცი, რომ ჩვენ მოვიგებთ. ჩვენ მოვიგებთ იმიტომ, რომ მოგვიგია არა მარტო ახლა, არამედ ისტორიულად არა ერთ საუკუნეში, არა ერთ ომში, არა ერთ იმპერიასთან. ასეთია ჩვენი როგორც ბედისწერა, ისე იდენტობა და ჩვენ მივალთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ შეცდომა არ უნდა დავუშვათ და პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ. მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ მომთმენები, მაგრამ ისიც მიმაჩნია, რომ არც ერთ მომენტში არც ერთმა ქართველმა კითხვის ნიშანი არ უნდა დასვას წავაგებთ თუ მოვიგებთ ამ ბრძოლას. ჩვენი არჩეული გზა ემყარება როგორც ჩვენ ეროვნულ იდენტობას, ასევე ჩვენ ეროვნულ უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და მეტსაც გეტყვით, ისტორიულ სამართლიანობას, თუ ამ ლოგიკას გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ, რუსეთის ინტერესსაც კი ემყარება. მე ვერავინ ვერც ერთ ეტაპზე ვერ ამიხსნა, რატომ უნდა უნდოდეს რუსეთის ფედერაციას – ტერიტორიულად დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ სახელმწიფოს, ჰქონდეს მიტაცებული გვერდით პატარა, მშვიდობიანი სახელმწიფოს ტერიტორიები. მეტიც, აუხსნელია, ამ ტერიტორიების დესტაბილიზაციით რა სარგებელს შეიძლება იღებდეს ქვეყანა, რომლის საზღვრებიც ასევე არის დესტაბილიზებული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 100 კგ-იანი აქტიური ბომბი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს “ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” ცვლილებებს