მესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი–ზურაბ ჯაფარიძე

"ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია,"- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძესაქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე მთელი მსოფლიო, ანუ მივჩანჩალებთ, სადღაც ბოლოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი, მცირდება სამუშაო ადგილები, შემცირდა ოჯახების შემოსავალი, გაჩერდა ეკონომიკა, იანვარში, პრაქტიკულად, ეკონომიკის ზრდა არ არის.
“ლარის გაუფასურებამ გააღარიბა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისის ძალიან ბევრი ნიშანი. ეკონომიკა იზრდება დაახლოებით, 2-ჯერ უფრო ნელა, ვიდრე იზრდებოდა 2012 წლამდე, შესაბამისად, თუ 7-8%-იანი ზრდის შემთხვევაში ევროპული ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის დონეს დავეწეოდით 20-30 წლის შემდეგ, ახლა 2-4%-იანი ზრდით დაგვჭირდება 60-80 წელი და შესაძლოა, მეტიც”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ბოლო 3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა 4 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ნიშნავს ათობით ათასს დაკარგულ ახალ სამუშაო ადგილსა და ასობით მილიონ დაკარგულ შემოსავლებს.
“2015 წლის სექტემბრიდან დაგეგმილი პენსიის 10 ლარიანი მატება უკვე შეჭამა ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ სურსათსა და წამლებზე. ქვეყნის ეკონომიკა მიდის უკან და ინვესტორების მხრიდან ნდობა სულ უფრო იკლებს, რაც კიდევ უფრო შემაცირებს სამუშაო ადგილებს. ეს მთავრობა სამწუხაროდ, ვეღარასდროს შეძლებს დაიბრუნოს ინვესტორების ნდობა. გაიზარდა საარსებო მინიმუმი და უკვე 160 ლარზე მეტია და დღევანდელი პენსია აღარ არის საკმარისი საარსებო მინიმუმში შემავალი პროდუქტების პაკეტის შესაძენად”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არასწორი პოლიტიკის შედეგები კატასტროფულია.
“2014 წელს ამუშავდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოსულიყო, ახალი სამუშაო ადგილები შექმნილიყო, და ევროკავშირში მეტი პროდუქცია გაგვეტანა, შარშან ბოლო კვარტალში ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა 31%-ით. მნიშვნელოვანად გაუარესდა ტურისტული გარემო. მათ შორის, უაზრო სავიზო რეგულაციების შემოღების გამო 2014 წელს ვიზიტორების რაოდენობა პრაქტიკულად არ გაზრდილა, წელს იანვარ-თებერვალში კი გვაქვს მნიშვნელოვანი კლება ტურისტების რაოდენობაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო, იმის, გამო, რომ გაუარესდა საინვესტიციო გარემო ენერგეტიკულ სექტორში უახლოეს მომავალში გარადუვალია ელექტოენერგიაზე ტარიფების ზრდა.
“სამწუხაროდ, საქართველომ დაკარგა 2 წელი იმისთვის, რომ შეექმნა ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები. ყველა ელექტოსადგურის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ექსპლუატაციაში, დაწყებულიია წინა ხელისუფელბის დროს, მაგრამ ისინი არ არის საკმარისი. ახალი პროექტები არ დაწყებულა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ენერგეტიკაში სერიოზული პრობლემები გვექნება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრს აპირებს, თუმცა ეს არ არის გამოსავლი ეკონომიკისთვის, არამედ ეს გამოსავალია მთვრობისთვის. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გაცილებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და იმ გეგმის განხორციელება. რომელიც ხელისუფლებას “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესთავაზა.
“ამ თვის ბოლომდე ბიზნესებს უწევთ მოგების გადასახადის გადახდა. ყველამ, მათ შორის, მთავრობამაც იცის, რომ ამ ბიზნესებს წელს ვერ ექნებათ ისეთი მოგება, როგორიც ჰქონდათ შარშან. შესაბამისად, მათ მოუწევთ სახელმწიფოს გადაუხადონ რაღაც ფული, რომელიც მათ არ აქვს, ამიტომ სასწრაფოდ პარლამენტმა უნდა დაავალოს მთავრობას, რომ გადაუვადოს მოგების გადასახადის გადახდა ამ ბიზნესებს, ან დროში გაუწეროს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, წელს მსოფლიო ბანკის გათვლებით, მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 3%-ით, “ამ დროს საქართველოს ეკონომიკა კარგ შემთხვევაში შეიძლება, 2%-ით გაიზარდოს, თუმცა ყველა გათვლა არსებობს, რათა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ ჰქონდეს და გვქონდეს ეკონომიკის ვარდნა”.
“საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება მთელი მსოფლიო, ანუ მივჩანჩალებთ, სადღაც ბოლოში და ამას უნდოდა მოხერხება მთავრობის მხრიდან, რომ ამისთვის მიეღწია 2 წელიწადში. მარტო ეს არის საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია„იმ შემთხვევაში, სადაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ სხვა მექანიზმებს გამოიყენებს“