“მეგონა, რომ UEFA თვითონ აგვარებდა, დელეგატმა ამოირჩია საუკეთესოები, მაგრამ საწუხაროდ ეს ასე არაა”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, არის ადამიანების კატეგორია, ვინც იცის, რომ ბილეთების სკანდალში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაცია არ არის, ან უბრალოდ არ უნდა გაიგოს ეს.

როგორც სიჭინავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, UEFA-მ იმ დელეგატის გადაწყვეტილებაში უნდა გაარკვიოს, ვინც არჩევანი რიგ კომპანიებზე შეაჩერა.

“რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც ესმის სიტუაცია, არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც უბრალოდ არ უნდა გაიგოს. მინდა, UEFA-მ გამარკვიოს იმ დელეგატის გადაწყვეტილებაში, რადგან ვიცი, რასაც ვამბობ ახლა, ჩვენი მხრიდან ფედერაცია სამ სატრანსპორტო კომპანიასთან მუშაობს. არცერთი არ იყო არჩეული. იყო ახალი კომპანია, რომელთანაც ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. რატომ იყო შერჩეული, ეს ალბათ, დელეგატმა იცის და იმ ხალხმა, რომელიც ამაშია ჩართული. მე ეჭვი არაფერში მეპარებოდა, მაგრამ რამდენად მზად არის ის კომპანია, რომ ავტობუსების რაოდენობა და ხარისხი უზრუნველყოს, სხვა საკითხია. ვინ იქნებიან ის მძღოლები, რომლებიც “ნისანის” 70-მდე ავტობუსზე იმუშავებენ, როგორი იქნება კვება, ყველაფერი მაინტერესებს. დღეს ყველაფერი მაინტერესებს, რადგან მეგონა, რომ UEFA თვითონ აგვარებდა ამას, დელეგატმა ამოირჩია საუკეთესოები, მაგრამ საწუხაროდ ეს ასე არაა. შეიძლება ბილეთების გაყიდვა ამ კომპანიას სხვადასხვა დაწესებულებაში – კონცერტებზე, სპეკტაკლებზე კარგად გამოსდის, მაგრამ ეს ცოტა სხვა მასშტაბია და სხვა ინტერესი. კინოთეატრში ერთი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, 5 ათასამდე ბილეთი გაყიდო და აქ არის აჟიოტაჟი, სადაც არის ხალხი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარია, ვიღაც სევილიას სანახავად მოდის, ვიღაც მესის. ვერ გათვალეს, რომ ასეთი ინტერესი იქნებოდა”, – განაცხადა სიჭინავამ თოქ-შოუ “არჩევანში” ჩართვისას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს რამდენიმე შტატმა გეი-ქორწინებების დაკანონება გააპროტესტა
შემდეგი სტატია“რაღაც თითით შეშინება ალბათ იქნება UEFA-სგან”