მდუმარე აქციები პარიზში

პარიზის ტერაქტის შემდეგ მსოფლიო სოლიდარობის აქციებმა მოიცვა. მოსახლეობა ქუჩაში გამოდის და თავდასხმის დროს დაღუპულ ადამიანებს პატივს მიაგებს. მდუმარე აქციები არ წყდება საფრანგეთის დედაქალაქშიც.

“მე ვარ შარლი” – ამ შინაარსის პლაკატები უკვე მეორე დღეა საფრანგეთის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებშია გაკრული.

ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შემდეგ ხალხი მდუმარე აქციებს მართავს და დაღუპულ 12 ადამიანს მიაგებს პატივს. თავდასხმის შემდეგ ათასობით ადამიანი ჯერ პარიზის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, მოგვიანებით კი მოსახლეობამ ტრაგედიის ადგილზე დაიწყო მისვლა. ისინი გლოვის ნიშნად რედაქციასთან სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ.

პარიზში დატრიალებულმა ტრაგედიამ საერთაშორისო საზოგადოება გააერთიანა. მომხდარის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სოლიდარობის აქციები არ წყდება.

“ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ თავისუფლები ვართ,” – ამ შეძახილებით შეიკრიბა ასობით ადამიანი ნიუ იორკის ცენტრში.

ტერაქტი დაგმო ვაშინგტონის მოსახლეობამაც. ასობით ადამიანი სიმბოლურად ჟურნალისტიკის მუზეუმთან შეიკრიბა. აქცია გაიმართა საფრანგეთის საელჩოსთანაც, სადაც დემონსტრანტებმა მხარდამჭერი პლაკატები გამოფინეს.

ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს დანარჩენი ევროპაც. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, შვეიცარია და ესპანეთი– ეს იმ ქვეყნების ნაწილია, რომლებიც საყოველთაო გლოვას შეუერთდა.

ტერაქტის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი იაპონიაშიც. გლოვის ნიშნად ტოკიოში საფრანგეთის საელჩოს შენობაზე ქვეყნის სახელმწიფო დროშაც დაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი თბილისის მერს „უღონოს და უმწეოს” უწოდებს
შემდეგი სტატიაქურდების სომხური “სხოდკა”