მახათის მთაზე ეკლესიის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდება

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კონსტრუქცია დასრულებულია. ეკლესია, რომელიც საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემოწირულობებით შენდება, დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის დასრულება 2017 წლის 25 დეკემბერს იგეგმება, იმ დღეს, როდესაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე უსრულდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შვილებთან ერთად ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხე დარგო და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, რომლებიც ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას იღებენ.

“ეს არის სიმბოლო ერის ერთიანობის. ეს არის ძალიან დიდი საქმე. ბატონ პაატა ბურჭულაძეს მთელი მთავრობის სახელით ვუხდით მადლობას და იმედი მაქვს ერი მას დაუფასებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 2017 წლის 25 დეკემბრისთვის ტაძარი იყოს დასრულებული და მისი კურთხევა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა შეძლოს,”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მახათას მთაზე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანიაც, რომლის განცხადებითაც მახათას მთაზე არსებულ ტაძარსა და სამების საკათედრო ტაძარს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაცხობების მესაკუთრეები გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიამორიგი მიწისძვრა ნეპალში-ბიძგების სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აჭარბებს