მაშველს, ზურაბ მუზაშვილს დაღუპვამდე შვიდი ადამიანი ჰყავდა გადარჩენილი

“მზიურის” ტერიტორიაზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები ახორციელებენ. როგორც სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი იმ ტერიტორიაზე კეთდება, სადაც გუშინ ორი ცხედარი იპოვეს.

“ამ ეტაპზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შს სამინისტროს ბევრი დანაყოფია გამოყოფილი, კერძოდ, სადაც გუშინ მიცვალებული იქნა ნაპოვნი, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ კიდევ შეიძლება მივაგნოთ დაკარგულ პირებს”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ივნისის ღამეც გაიხსენა. მისი ინფორმაციით, 112-ზე პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა.
“პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე. 3 წუთში თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე იყო გასული. გამოძახებები მთელი თბილისის მასშტაბით იყო. თავდაპირველად გამოძახება ჩუღურეთში დაიწყო, შემდეგ როდესაც ვერეს ხეობაში დაიწყო წყლის მოვარდნა, მთელი ტერიტორიის დაფარვა 3-4 წუთში მოხდა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები. სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.
მეხანძრე მაშველი ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის დროს დაკარგული ერთი პირი სახლში დაბრუნდა
შემდეგი სტატია„სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“