მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საატესტაციო კომისიამ 45 ტრენერ-კონსულტანტი შეარჩია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 45 ტრენერ-კონსულტანტი შეარჩია.

45 ტრენერ-კონსულტანტი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანად დანერგვის მიზნით შეირჩა. აღნიშნული ტრენერ-კონსულტანტები სქემის დანერგვის პროცესში სკოლებსა და მასწავლებლებს კონსულტაციას გაუწევენ და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ტრენინგებს ჩაატარებენ.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ცენტრის ხელმძღვანელობა, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები და მასწავლებელთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

ცენტრმა აღნიშნული ტრენერ-კონსულტანტები ჯგუფური გასაუბრების ფორმატით შეარჩია. გასაუბრებამდე კონკურსანტებს ცენტრმა წინასწარ მიაწოდა მიმართულებების თემატიკა, რასაც ეფუძნებოდა საკონკურსო შეკითხვები, რომელსაც კონკურსანტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პასუხობდნენ. მიმართულებები მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის, ზრდასრულთა განათლებისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის საკითხებს მოიცავდა. კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ სხვა კონკურსანტების პასუხებისთვისაც მოესმინათ.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, კონკურსის აღნიშნულმა ფორმატმა ხელი შეუწყო პროცესის ღიაობას და გამჭირვალობას, რაც ცენტრის უმთავრესი პრიორიტეტია. გარდა ამისა, მუდმივმოქმედ კომისიას შესაძლებლობა მისცა უკეთ შეეფასებინა კანდიდატების პრეზენტაბელურობა და ის ძირითადი უნარები, რაც აუცილებელია ტრენერ-კონსულტანტის პოზიციის დასაკავებლად.

შეფასების პროცესში კონკურსანტის პროფესიულ გამოცდილებასთან და უნარებთან ერთად, გათვალისწინებული იყო ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობისგამოცდილება (მათ შორის უმცირესობების მშობლიური ენის ფლობა) და გეოგრაფიული არეალი, რაც საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლასთან მუშაობის შესაძლებლობას ქმნის.

„ცხადია, კონკურსის არსებული შედეგი არ ნიშნავს, რომ კონკურსზე არ იყვნენ სხვა ღირსეული კანდიდატები, თუმცა კონკურსი მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარდა: ცენტრში შემოსული იყო 500-მდე განაცხადი, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 395 კანდიდატი და მათგან ამ ეტაპზე შეირჩა 45 ტრენერ-კონსულტანტი. გარდა ამისა, კონკურსის ფარგლებში კანდიდატთა მაღალმა აქტივობამ ცენტრს შესაძლებლობა მისცა, მათთან შემდგომი თანამშრომლობის მიზნით პროფესიონალთა საინფორმაციო ბაზა შეექმნა, რაც ცენტრის საჭიროებებიდან გამომდინარე, 2015-2016 წლების განმავლობაში ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში მათთან შრომითი ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს“, – აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

banner
წინა სტატიაშირა ვითარებაა სვანიძის ქუჩაზე წვიმის შემდეგ?!
შემდეგი სტატიაკიოლნის ციდან ფული ცვიოდა