მარტვილის კანიონში ნავებით ტურისტების მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას აეკრძალება

maxresdefaultწლევანდელ ზაფხულში, შესაძლოა, მარტვილის რაიონის ადგილობრივ ოჯახებს შემოსავლის ერთადერთი საშუალება მოესპოთ: მოსახლეობა შიშობს, რომ ტურისტების მომსახურებას კანიონში ნავებით გადასაადგილებლად მათ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი „აახევს“.

წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ კანიონში გადაადგილებასთან დაკავშირებით დალაგებული სიტუაცია, როცა ნავების მეპატრონეები რიგრიგობით ემსახურებიან ტურისტებს, რომლებსაც სოფელ გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონის დათვალიერება სურთ, შესაძლებელია, აირიოს, რადგან მარტვილში ამ სფეროში შესვლას დავით ქაცარავას კომპანია „რაფტინგ ჯი“ გეგმავს.

ამ მიზნით კომპანია მარტვილის კანიონში ნავების ჩატანას გეგმავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნავები სწორედ ტურისტების მომსახურების მიზნით და არა ჯომარდობისთვის ჩამოაქვთ, რადგან კანიონზე ჯომარდობისთვის შესაფერისი ადგილი არ არის.

ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ნავების შესაძენად მარტვილის გამგეობამ ნავებისა და გემების შეძენის მიზნით ტენდერიც გამოაცხადა. საუბარია 50.000 ლარის ღირებულების ტენდერზე, რომელიც, მარტვილელების თქმით, სწორედ ქაცარავას კომპანიას მოარგეს.

„ზოგიერთი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო ზაფხულში სწორედ ნავებით ტურისტების მომსახურებაა და ამასაც გვართმევენ“, – ამბობენ მარტვილელები.

maxresdefault (1)

მათი ნიხრით კანიონის დასათვალიერებლად ტურისტების გადაყვანის ფასი ერთ პერსონაზე 5 ლარია. ერთ ნავს ერთდროულად 5 პირის გადაყვანა შეუძლია.

მარტვილში დავით ქაცარავას ჩასვლამ (ადგილობრივები ამბობენ, რომ ის გამგებლის მოადგილის მეგობარია და ზაფხულობით მის სახლში ოჯახით ჩადის ხოლმე) ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი გამოიწვია, რომლის დასარეგულირებლად ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების ჩარევა გახდა საჭირო.

დავით ქაცარავა არ უარყოფს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან ნავების დაკვეთა ტურისტული კომპანიისგან მიიღო და ამაში უკანონოს ვერაფერს ხედავს. ის ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მოსახლეობა მის აქტივობას პროტესტით ხვდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა 2.4 პროცენტით შემცირდა
შემდეგი სტატიამიგრანტების ზღვაში სიკვდილს იტალიის პრემიერმა მკვლელობა უწოდა