მარგველაშვილი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა.
პრეზიდენტის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა ფოტო, სადაც გიორგი მარგველაშვილს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს, “თავისუფალი დემოკრატების” წევრს, დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს, “ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტატს გიგი წერეთელს, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, ეკა ტყეშელაშვილს და სხვა რამდენიმე პირს უკრაინის დროშის ფონზე გამოსახული ნადეჟდა სავჩენკოს ფოტო უჭირავთ.
უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის საპატიმროში 2014 წლის ივნისიდან იმყოფება. მას ბრალად ედება რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ორი ჟურნალისტის მკვლელობა, რომლებიც გასულ წელს დონბასში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს. უკრაინული მხარე მას უკანონო პატიმარს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშივაზიანში ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა
შემდეგი სტატიაიან კელი ქართველ სამხედროებს აფასებს