მამუკა კუდავა – ,,ვერედალეულების რევოლუცია,,

,,ვერედალეულების რევოლუცია
ბავშვმა მითხრა, წამო რა, სოლიდარობაზე წავიდეთო, პატარაა და გაყოლა მთხოვა. მისი უფროსი და უკვე იქ იყო პირველივე დღიდან, ჯერ მზიურში, მერე სვანიძის ქუჩაზე. ხოდა, მასაც მოუნდა. კარგი მაგალითი და სიკეთე გადამდებია.
არადა, ეს ხდება იმ ფონზე, როცა მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დიდი დაკა-დაკაა. ერთი უნიათო ხელისუფლებას აბრალებს, მეორე – ზოოპარკის დირექტორს, მესამე – მთავარი ზოოპარკის დირექტორს, ზოგიერთს არ მოეწონა ის, ზოგიერთს – ეს, ზოგს – ფორმა, ზოგს – სიტყვა, სხვას – დეკორი, სხვას – ფერი, კიდევ სხვას – დათაგვა, სხვებს – სხვების ლაიქი. დანარჩენს – შური, დანარჩენს – მური. მოკლედ ეს ძველი ფონია, ტრადიციად რომ იქცა – თბილად ჯდომა და ლაყაფი, თან ასე რომ მთავრდება: „მაინც არაფერი გვეშველება“.
ამ დროს კი ეს ყველაფერი ანუ მავნე ტრადიცია ახალგაზრდებმა ფეხებზე დაიკიდეს, სხვებს მისცეს ტონი და ყველას გადაუჯოკრეს – ზემოხსენებულებსაც და საერთოდ არხსენებულებსაც: მათ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიიჩნიეს. და საქმეს მიხედეს უხმაუროდ – შვილმა სელფი კი არა, ფოტოც ვერ მანახა. ხანდახან შეიძლება ხმაურითაც თუ ფოტოების გავრცელებით, მაგრამ მხოლოდ თანატოლებისთვის დასანახად. რატომაც არა? მათ სხვებმაც უნდა მიბაძონ და იმიტომ, რეკრუტირება მნიშვნელოვანია.
შედეგიც უმალ გამოჩნდა, პირველივე დღეს: ტალახში ამოგანგლულ ახალგაზრდებზე ყველა ალაპარაკდა, ხანდახან შურითაც. ამ ახალ უსახელო გმირებზე ისინიც საუბრობენ, ვისაც არ უნდა მათზე ლაპარაკი – საკუთარი გაკეთებული რომ არ დაიჩრდილოს – უპირველესად ხელისუფლება, რომელმაც ვერ მიიკერა ახალგაზრდების ძალისხმევა. ან კი როგორ მიიკერავდა – სადაც ეს გოგო-ბიჭები მუშაობდნენ, არავინ იყო მთავრობის უწყებების წარმომადგენლები, რომ მათთვის მითითებები მიეცათ.
მოკლედ, ამ ვერედალეულებზე ყველა საუბრობს, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ახალგაზრდების დიდმა რაოდენობამ, ჟინმა და შემართებამ ყველა ზღვარს და მოლოდინს გადააჭარბა.
ახალგაზრდებმა შექმნეს ტრენდი ანუ მათივე ენაზე „კაი პონტი“ – ძველებურად მოდას და კიდევ უფრო ადრე სოლიდარობას რომ ვეძახდით. ეს კაი პონტი მოდური გახდა, კარგი ტონია და არ აქვს მნიშვნელობა რატომ. მთავარია რომ გახდა. ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ახალგაზრდებმა გახადეს. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გულწრფელები არიან და არანაირი პიარი, რეკლამა ან გამორჩენა არ ამოძრავებთ.
არადა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენთვის – ძველგაზრდილებისთვის – სრულიად მოულოდნელად მოხდა. უნებურად თუ შეგნებით, გოგო-ბიჭებმა თავიანთი ქმედებით სილა გააწნეს მოლაქლაქე კონფორმისტულ ისტებლიშმენტს – ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი იქნება ეს თუ გაპიწკინებული თეთრსაყელოიანი პოლიტიკოსები, არაკომპეტენტური მერი/ჩინოვნიკები თუ სტიქიის ადგილზე უხილავი ხალხის რჩეული პარლამენტარები, 14 ივნისის დილას მძინარე ჟურნალისტები თუ გაჭირვებაზე ხელის მომთბობი ან დახმარებით მოსპეკულანტო ბიზნესმენები. ახალგაზრდები პასიურ და უნიათო პოლიტიკურ ელიტას და ისტებლიშმენტს უბრალოდ არ ემორჩილებიან – ჯერ ერთი, არც იცნობენ და თუ იცნობენ, არაფრად მიაჩნიათ ისინი.
და თუ ახალგაზრდების პონტური ტრენდი გახდა მოდური ტრადიცია, მაშინ ქვეყანა შედგა ანუ გვეშველა. მათ ათასწლეულის ან ასევე ციფრულ თაობას ეძახიან, 90-ებში დაიბადნენ, ანაბანა ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან ერთად ისწავლეს, მსოფლიო სოლიდარობა იციან თავიანთ თანატოლებთან, აქტიურები არიან და ინდიფერენტულობასთან დაკავშირებულ მოყირჭებულ ტრადიციებს არ აღიარებენ.
მადლობა მათ ამ ჯერ მხოლოდ იმედისთვის. რასაკვირველია, მათ დიდი გზა აქვთ გასავლელი – სწავლა და შემდეგ გამოცდილება, რომ მომავალში იმედია ზემოხსენებული ძველმოდურების, პასიურების ან სავოკ-რეგრესულების დამარცხება საბოლოოდ შეძლონ, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი დრაივით. მათი ორგანიზებულობის შემთხვევაში, რაც დიდი ძალაა (ალბათ ამიტომ ექმნებათ უკვე სხვადასხვა პრობლემა ნეთვორქინგთან დაკავშირებით), ნელნელა შესაძლებელია ახლებური ქვეყნის შენება ახალი სოლიდარული ენერგიით. ეს კი ვერეს ხეობის გაწმენდის შემდეგ დამყაყებული წარსულის ყალბი ტრადიციებისგანაც გაწმინდავს სახელმწიფოს და მართვის სადავეებს ყველაზე პროგესულებს ჩაუგდებს ხელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოდონი იქნებიან ისინიც და ქვეყანაც.
თანაგრძნობა სტიქიაში დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. დიდება ახალ, ტალახიან გმირებს!,, წერს საზოგადოება ივერიას ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა კუდავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშირუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის “ხელშეკრულება” ძალაში შევიდა
შემდეგი სტატია,,ახალმა თაობამ წესიერი ადამიანის პერსპექტივა უნდა დაინახოს,,