მამა პეტრე: ქვას და ტალახს, რომელსაც ჩემი მისამართით ისვრიან, იმ ტაძრის მშენებელობისათვის ვიყენებ, რომლის საძირკველი მიწას არასოდეს გაჰკარებია

მამა პეტრე: ქვას და ტალახს, რომელსაც ჩემი მისამართით ისვრიან, იმ ტაძრის მშენებელობისათვის ვიყენებ, რომლის საძირკველი მიწას არასოდეს გაჰკარებია

ის ბევრისათვის ძვირფასი სულიერი მამა, მოძღვარი და მეგობარია. ადამიანი, რომლისთვისაც ღვთისმსახურებაც პოეზიაა. რას მიიჩნევს ყველაზე დიდ ცოდვად სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია) და როგორ მივიდა ის სასულიერო პირობამდე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

mama petre 1

-მამა პეტრე როდის დაიწყო თქვენი სასულიერო ცხოვრება და მოღვაწეობა?
-არც მახსოვს ისე დიდი ხნის წინ მოხდა ეს ყველაფერი. ზოგადად საეკლესიო ცხოვრების დაწყება ვფიქრობ არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ მოვლენას ან კონკრეტულ წელიწადს. ეს არის შინაგანი პროცესი, რომელიც გაქვს ან არ გაქვს. საეკლესიო ცხოვრება და სასულიერო პირობა ერთმანეთისაგან განსხვავდება. შეიძლება არ იყო სასულიერო პირი, მაგრამ ძალიან ახლოს იდგე ღმერთთან და ღვთისმსახური გერქვას. ან შეიძლება გახდე სასულიერო პირი და ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეგექმნას ცხოვრებაში. რაც მე ვარ სასულიერო პირი მას მერე გავიდა 8 წელიწადი. დღევანდელი გადასახედიდან, ყველა ჩემი სირთულის მიუხედავად მაინც ვთვლი, რომ იგივე გზას ავირჩევდი. ეს პირველ რიგში გამოწვეულია იქიდან, რომ ეს არის ის, რაც გულით მინდა მქონდეს. მეორე იმიტომ, რომ ვფიქრობ ამ გზით უფალს ალბათ ყველაზე მეტად უახლოვდები. მესამე, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ჯილდოა როცა შენს მიერ არჩეული გზის მეშვეობით შეგიძლია ღმერთსაც და ადამიანსაც ემსახურო. ამიტომ ეს ღვთისმსახურება რაც შეიძლება იყოს ერისკაცშიც და სასულიერო პირშიც, გაერთიანდა ჩემს შემთხვევაში და მიუხედავად ბევრი საცდურისა, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომებისა თუ დამოკიდებულებებისა, შინაგანი პოზიცია რაც კავშირშია პირდაპირ ღმერთთან, არასდროს არ ირყევა. ვთვლი, რომ ეს იყო ის გზა, რაც ჩემთვის შექმნა ღმერთმა, რაც მარგუნა, რასაც ვეძებდი. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ახალგაზრდა ასაკში ვიპოვე ეს გზა და შენდობას ვთხოვ ღმერთს თუ ეს გზა ხშირად გამრუდდა მაგრამ ისევ უფლის წყალობით, დახმარებით და ნუგეშით საწყისს ეტაპს ვუბრუნდებით ადამიანები და ვცდილობთ წარსულში დაშვებული შეცდომა არ გავიმეოროთ. ამის საზომი კი ყოველთვის არის ეკლესია. ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ დღეს უკეთესი იყოს, ვიდრე იყო გუშინ, ის აუცილებლად მიხვდება რა უნდა გამოასწოროს თავის თავში. ღმერთი კი ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს ანუგეშებს და ყოველთვის უდგას მხარში. ჩემზე გამართლდა სახარებისეული სიტყვები, როცა მაცხოვარი ბრძანებს „მოვედ ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ“. მართლაც მაშვრალი და ტვირთმძიმე, იქნებ გაუაზრებლად მივედი ღმერთთან, მაგრამ ძალიან გააზრებულად ვპოვე ნუგეში და ნავსაყუდელი.

-მამა პეტრე თქვენ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მოვისმინე, რომ დედას არ უნდოდა თქვენ ამ გზას დასდგომოდით…
-კი, დედას არ ჰქონდა სურვილი, რომ მისი უფროსი ვაჟი სასულიერო პირი გამხდარიყო. დედისთვის რომ გეკითხათ იყო თუ არა მორწმუნე, ის აუცილებლად გიპასუხებდათ რომ იყო. მაგრამ მისი რწმენა აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ რელიგიისგან, რასაც მართლმადიდებლობა სთხოვს ადამიანებს. მას შინაგანი რელიგია და რჯული ჰქონდა. ვფიქრობ, მთელი ჩემი სასულიერო პირობის მიუხედავად დედაჩემი ბევრად უფრო მორწმუნე იყო და ბევრად უფრო იცავდა იმ მცნებებს, რასაც ყველა ჩვენთაგანს აძლევს და სთხოვს ღმერთი. დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ალბათ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მას არ ჰქონდა საღვთისმეტყველო განათლება. მას ყოველთვის სურდა, რომ ვყოფილიყავი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. მაგრამ მე ვთვლი, რომ ერთი მეორეს ამ შემთხვევაში ხელს არ უშლის. მღვდლობას ჩემთვის ხელი არასოდეს შეუშლია იმაში, რომ ვყოფილიყავი პედაგოგი. მე ლექციებს ვკითხულობ რამდენიმე უნივერსიტეტში, სკოლებში გაკვეთილებს ვატარებ, ვწერ, ვკითხულობ. პირიქით, ვთვლი, რომ მღვდლობამ უფრო მეტად მისცა კალაპოტი ჩემს შინაგან სამყაროს და მდგომარეობას, რაც ღვთისგან მებოძა. დედაც წლების შემდეგ მიხვდა, რომ არ არის ისე, როგორც თვლის და ფიქრობს. მაგრამ ბოლომდე მაინც არ იყო ბედნიერი ჩემი ამ ნაბიჯით და ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ ეხამუშებოდა. როცა მის შვილს შემოსილს ხედავდა, მერწმუნეთ ეს არ იყო კრძალვა, ეს იყო გაუცხოება ჩემთან. და სწორედ ამ გაუცხოების გამო ის ძალიან დიდხანს იტანჯებოდა. ვფიქრობ დღევანდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი რაც დედას აქვს, შეიძლება იყოს, რომ ღვთის და ჩემი ნების წინააღმდეგ წავიდა, პრაქტიკულად ღმერთს ომი გამოუცხადა. არ ვიცი დედა რამდენად მართალი იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი ის რომ ბავშვობიდან ვიდრე აქამომდე ვინც ჩემთვის ერთგული და ნამდვილი მეგობარი ყოფილა-იყო დედა, რომელსაც შემეძლო დავყრდნობოდი და არ მეთამაშა, გაორება არ მქონოდა, პოზირება არ დამჭირვებოდა. ასეთი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში იშვიათად არიან, ან საერთოდ არ არიან. როგორც წესი შვილები მშობლებთან ვერ იხსნებიან და გაურბიან ხოლმე მათ. მე კიდევ პირიქით ტკივილით თუ სიხარულით მივდიოდი დედასთან. დედის მდგომარეობა შემიცვალა ღმერთმა და წარსულს თუ ჩავუღრმავდები გაუაზრებლად აღმოვაჩენ, რომ დედაჩემი ყოფილა ჩემთვის ღმერთი.

mama petre 2

-მამაო თქვენ ძალიან შემოქმედი ადამიანი ხართ და თქვენს პოეზიაზე კიდევ ვისაუბრებთ ინტერვიუს განმავლობაში…მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ, სანამ სასულიერო გზას აირჩევდით, რა გეგმები გქონდათ სამომავლოდ?
-ძალიან ცვალებადი ხასიათი მქონდა და გამოწვეული იყო იქიდან, რომ მქონდა შემოქმედებითი წვა. როდესაც შინაგანად გაქვს ეს შემოქმედებითი წვა არ ხარ სტაბილური, ვერ გააკონტროლებ შენს გრძნობებს, ემოციებს, განცდებს და შესაბამისად ყოველთვის პრობლემას უქმნი არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გვერდით მყოფ ადამიანებსაც. რა თქმა უნდა მანამდეც მქონდა პირადი ცხოვრება და მქონდა საქმეც, რაც მე მიყვარდა და რასაც ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებდი- ეს იყო წერა. სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში ვმუშაობდი და ვბეჭდავდი ჩემს წერილებს ძალიან პატარა ასაკიდან. ასევე მცირე ასაკიდან ვასწავლიდი ერთ-ერთ კოლეჯში, მყავდა აბიტურიენტები, ვიყავი რეპეტიტორი და საკმაოდ წარმატებული იმ ასაკისთვის, ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი ჯილდო და გამარჯვება. ამან მიბიძგა იქითკენ სწორედ საითაც ნაბიჯი გადავდგი. მყავდა ძალიან მცირე ასაკიდან მეუღლე, შვილები, მაგრამ არასოდეს არ მიცხოვრია ბანალური ცხოვრებით. ჩემთვის ოჯახის შექმნაც იყო ერთგვარი დაუწერელი ლექსი. რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი ტკივილი, უიმედობა, ფარისევლობა გარშემო როგორც ხდება ხოლმე და ამისგან არც მე ვიყავი გამონაკლისი. როდესაც ჩემი მომავალი დავუკავშირე ჩემს მეუღლეს, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გარემო შემექმნა. სახლში შესულს კარს მიღმა მრჩებოდა ყველა ჩემი ტკივილი თუ განსაცდელი. ოჯახი ჩემთვის ნამდვილად ციხესიმაგრე იყო და ასეა დღემდე. უბრალოდ მაშინ ალბათ საქმე ნაკლები იყო და ნაკლები ურთიერთობებიც იყო. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვეკუთვნი. მინდა არ მინდა ძალიან ბევრი ადამიანის სული მეხება პირდაპირ თუ ირიბად. ამ სულიერ მოგზაურობაში ვაწყდები ძალიან დიდ განსაცდელებს, ტკივილებს, დაუმსახურებლადაც ხშირად, მაგრამ ამ ყველაფერს ვიყენებ ისევ ჩემი ზრდისთვის. ზოგადად მიყვარს დაკვირვებები, სიახლეების აღმოჩენა. ყველა განსაცდელი ღვთის ჯილდოა, საჩუქარი, რომ მე გავძლიერდე და იმ მამა პეტრემდე რომელიც ჩემს იდეაშია სწორედ ჩემი განსაცდელებით მივაღწიო. საზოგადოების იმ ნაწილის გასაგონად, რომელსაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და სხვისი ცხოვრების ქილიკით არის დაკავებული, მინდა ვთქვა, რომ იმ ქვას და ტალახს, რომელსაც ჩემის მისამართით ისვრიან, ვიყენებ იმ ტაძრის მშენებელობისათვის, რომლის საძირკველი არასოდეს გაჰკარებია მიწას.

-სასულიერო მოღვაწეობა რომელი ტაძრიდან დაიწყეთ?
-ჩემი ხელდამსმელი არის ჩემთვის საამაყო მღვდელმთავარი მიტროპოლიტი იობი. პრაქტიკულად მისი დამსახურებაა, რომ ღვთისმსახურება შევიყვარე. მეუფე იობი არის ადამიანია, რომლისთვისაც ყოველი წირვა-ლოცვა არის დღესასწაული, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გადადოს და წირვა ჩაატაროს. გააზრებულად ყველა სასულიერო პირისათვის ეს ასეც უნდა ხდებოდეს. მასთან ურთიერთობამ, ყოველდღიურობამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ვფიქრობ მისგან შევითვისე კარგი თვისებები და მადლობა მას ამისთვის. შემდეგ იყო ბოლნისის ეპარქია, მეუფე ეფრემთან, რომელიც ჩემი მოძღვარია. შემდეგ მისმა უწმინდესობამ სამების საკათედრო ტაძარში გადმომიყვანა, მასთან ვმსახურობდი მთელი სამი წელიწადი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ულამაზესი წლები, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება. ღვთის ჯილდო და საჩუქარია იდგე კვირის წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად. შემდეგ უკვე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამიშვეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და დღემდე იქ ვარ. მოკლედ, ჩვენ არ ვიცით ჩვენი ცხოვრება როგორ წარიმართება და უფალი საით გაგვიხმობს, მაგრამ რაც აქამდე იყო, ეს ყველაფერი არ იყო მხოლოდ იმისათვის რომ მქონოდა, არამედ იმისათვის, რომ ბედნიერება მოენიჭებინა. მადლობა უფალს იმისთვის რაც იყო და ათასგზის მადლობა მას იმისათვის, რაც მომავალში იქნება.

????????????????????????????????????

-მამაო თქვენ ოჯახი ახსენეთ…დღეს სამწუხაროდ ძალიან გახშირდა თითქოსდა გაუაზრებლად ოჯახების შექმნა, რომელიც ძალიან მალე ინგრევა ხოლმე. რას ურჩევდით წყვილებს, რომლებიც ხანდახან ქაოტურად და გაუაზრებლად იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს?
-ხშირ შემთხვევაში ოჯახები იქმნება იმიტომ რომ, ადამიანები უსაქმურად არიან და რაღაცა უნდა გააკეთონ. ეს რა თქმა უნდა გაუაზრებელი ნაბიჯია. ოჯახის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, არამხოლოდ იმიტომ რომ მატერიალურ კეთილდღეობას მოითხოვს. პირველ რიგში მოითხოვს თავდადებას, ერთგულებას, შემდეგ კი ამ ერთგულებასა და თავდადებაზე დაფუძნებულ მზრუნველობას, პასუხისმგებლობას. თუ ოჯახს გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ იყოს რეალიზებული, წარმატებული და არ იფიქრონ ყოველდღიურობაზე, მაგრამ არ აქვთ სიყვარული, ის არასდროს შედგება როგორც ოჯახი. მე პირიქითაც მინახავს, პრაქტიკულად ხის ქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, იმიტომ რომ ერთმანეთის მიმართ უანგარო სიყვარული გააჩნიათ. ვფიქრობ ყველა ბედნიერება მოდის სიყვარულიდან და ყველა უბედურება იწყება სიყვარულის ნაკლებობიდან. ამიტომ თანამედროვე ახალგაზრდა ოჯახების უმეტესობა გატაცებაზეა დაფუძნებული და ვერ შეგუების შემთხვევაში, როცა სიყვარული არ რჩება, ერთადერთი გზა აქვთ დაშორება. ვერშეგუებასა და სიყვარულს შორის ძალიან დიდი ზღვარია. შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ვერ ეგუებოდე მის ქცევებს, თუმცა ისე გიყვარდეს, რომ უბრალოდ არ შეგიძლია მისგან წახვიდე. როცა არ გიყვარს ელემენტარულიც კი შეიძლება მიზეზი გახდეს. როცა გიყვარს ძალიან დიდი განსაცდელიც კი შეიძლება აიტანო, რადგან ეს სიყვარული არ არის წამიერ გატაცებაზე დაფუძნებული, არამედ ეს არის გააზრებული განცდა, რომელიც სულიერ მდგომარეობასთანაა კავშირში. როცა სულიერ მდგომარეობასთან გაქვს საქმე, შენ უკანა პლანზე გადასწევ ხოლმე იმ განსაცდელებს, რამაც შეიძლება გული გატკინოს. როდესაც ოჯახებში იქმნება პრობლემა ვთვლი, რომ მეუღლეები ერთმანეთს არ უნდა უყურებდნენ ვინ იტყვის ბოდიშს, ვინ ითხოვს პირველი შენდობას. პირიქით ერთმანეთს უნდა ასწრებდნენ და თუ ეს ასეა, მაშინ სიყვარული არსებობს. მაგრამ თუ ორივეს ნაბიჯის გადადგმა უჭირს ეს ნიშნავს, რომ შინაგანმა ამპარტავნებამ დასძლია სიყვარული. ამიტომ ყველა კანონზე, ყველა ჯილდოზე, ყველა წარმატებაზე მაღლა უნდა დავაყენოთ სიყვარული და ამ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მშვიდი ცხოვრების გარანტი. ზოგადად, ოჯახში დაგროვილმა პრობლემამ გაარღვია კალაპოტი და ეს საზოგადო პრობლემად იქცა, ოჯახის განსაცდელებმა მიიყვანა ქვეყანა განსაცდელამდე, რადგან მინი სახელმწიფოა ოჯახი. თუ საკუთარ ოჯახს ვერ აკონტროლებ, ბუნებრივია ვერც შენს სამსახურს გააკონტროლებ. ბედნიერება გადამდებია, მაგრამ გვახსოვდეს რომ უბედურებაც გადამდებია. ამიტომ სჯობს ერთმანეთს მხოლოდ ბედნიერება გადავდოთ.

-თქვენ ამპარტავნება ახსენეთ მამაო…ბევრი რამეა ცოდვა, ამას გვასწავლის ეკლესია და ამას გვასწავლიან სასულიერო პირებიც…თქვენ რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ ცოდვად?
-ყველაზე დიდი ცოდვა ჩემთვის არის უსიყვარულობა. უსიყვარულობიდან იღებს დასაბამს ფარისევლობა, ამპარტავნება, სიძულვილი, მკვლელობა, ანგარება, სასოწარკვეთილება, მრუშობაც კი. როცა სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია, მაშინ აბსოლუტურად ყველა ცოდვა ითრგუნება და კვდება. ამიტომ რაც არ უნდა დამნაშავეა ადამიანი, თუ გვიყვარს უნდა ვაპატიოთ. უპატიებლობამ ადამიანი შეიძლება უფრო დიდ ცოდვამდე მიიყვანოს. მთავარია სიყვარულმა ერთმანეთის გამოსწორების საშუალება მოგვცეს და როგორც რუსთაველი იტყოდა „სიყვარული აგვამაღლებს“.
-თქვენი პოეზია მამა პეტრე…საოცრად გულშიჩამწვდომი ლექსები გაქვთ და არაამქვეყნიურიც კი შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს…რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოეზიას თქვენს ცხოვრებაში?
-როდესაც ადამიანს რაიმე განსაცდელი მოადგება კართან, ის ადვილად ვარდება სასოწარკვეთილებაში, თუ მას რწმენა არ გააჩნია. სწორედ ამ განსაცდელების ჟამს ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, რწმენასთან ერთად პოეზიით ვუმკლავდებოდი. სულ ვამბობდი, შეიძლება რაღაცა არ მაქვს, მაგრამ მაქვს ისეთი აღმატებული და დიდი რამე, როგორიც არის პოეზია, რაც ღმერთმა ასე უხვად მომცა და მარგუნა. რა არის ლექსი ზოგადად?! ლექსი არის დაინახო რეალობა ისე, როგორც წარმოგიდგენია შინაგანად. ლექსი არის რეალობიდან თავის დაღწევის საშუალება, რომ იცხოვრო ლამაზ, მშვენიერ, ესთეტიკურ სამყაროში. თუ ლექსი ამის სიამოვნებას ადამიანს ანიჭებს, ეს ნიშნავს რომ უკვე შემოქმედი ხარ. როცა უკვე წერაც შეგიძლია ეს ორმაგი ბედნიერებაა. იმიტომ რომ, „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი“. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შემოქმედია მხატვრობით მუსიკით თუ მწერლობით, ნათესაურ კავშირს ამყარებს ღმერთთან. ეს ნათესაური კავშირი უფრო და უფრო მყარი და მტკიცე ხდება რაც იწაფება შემოქმედი და უფრო სრულყოფილ ნაბიჯებამდე გადავა. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ჩამოუყალიბებელი აზრი, განცდა გრძნობა, მაგრამ თუ ტკივილი არ გაქვს ვერ შექმნი. ვთვლი, რომ მსოფლიოში რაც შექმნილა ღირებული და კარგი, შეიქმნა დიდი ტკივილის შედეგად. ღმერთს ადამიანის დაცემა და განადგურება სტკიოდა და სწორედ ამიტომაც მოავლინა დედამიწაზე მხოლოდშობილი ძე. რომ არა მისი ტკივილი ჩვენზე, ქრისტე არ დაიბადებოდა დედამიწაზე. ეს იგივე იქნებოდა რომ ადამიანს გააჩნდეს რწმენა და არ არსებობდეს ღმერთი. ამიტომ პოეზიისადმი ჩემმა სიყვარულმა კალაპოტი გაარღვია და რეალიზება მღვდლობაში მოახდინა, იმიტომ რომ ჩემთვის ღვთისმსახურებაც პოეზიაა.

????????????????????????????????????

-ვის არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი პოეტი?
-მე ძალიან ბევრი საყვარელი პოეტი მყავს. მაგრამ ვინც სული დამისერა, ვისგანაც მომინდა ჩემი ტკივილებიც ლექსად მეთქვა, ეს ყოველთვის იყო და იქნება ტერენტი გრანელი.

-„მიყვარხარ ამა ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან…“- ბევრისთვის ალბათ ეს სულში ჩამწვდომი სიტყვებია. თქვენ რა გინდოდათ ამ სიტყვებით გეთქვათ მამა პეტრე?
-ძალიანა ადვილია სიტყვებით გამოხატო სიყვარული. მაგრამ ძალიან ძნელია გიყვარდეს და თან აღიარო. ხშირად უჭირთ ადამიანებს აღიარება, ოღონდ ყოველთვის გაგრძნობინებენ ამ სიყვარულს. თუმცა სიტყვებიც ბევრს ნიშნავს. შეიძლება ერთმა სიტყვამ „ქარაფებზე მდგარი შორენა“ მოაბრუნოს და სიკვდილს გადაარჩინოს, თუნდაც ყალბად ნათქვამმა „მიყვარხარ“. ეს არ არის მძიმედ სათქმელი, ეს ძალიან მარტივია. ვუთხრათ ერთმანეთს მიყვარხარ, თუნდაც ისე უბრალოდ, რადგან ამ სიტყვის უკან აუცილებლად იქნება საფუძველი ამის აღიარების.

-მამაო თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დათო არჩვაძესთან ვაკის პარკში თქვენი ლექსების საღამო გქონდათ. თუ აპირებთ უახლოეს მომავალში მსგავსი ღონისძიების ჩატარებას?
-ახლა ძალიან მკვდარი სეზონია, თან იმდენად დამძიმებული ვარ თბილისში ბოლო დროს დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომ ლექსმაც ვერ მიშველა. მიუხედავად იმისა, რომ იმ გოგონებს მე ლექსი მივუძღვენი. ერთ-ერთმა კომპოზიტორმა შემომითვალა, კიდეც რომ ამ ლექსზე „წუხელის წვიმას გაჰყვა გოგონა“ სიმღერას შექმნის, რაც იქნება მათი სულის სადიდებელი სიმღერა. აუცილებლად ჩავატარებ საღამოებს და შეხვედრებს. საკმარისია ერთი პოსტი დავდო და უამრავი ადამიანი მოდის ხოლმე საღამოზე. ღმერთს რომ არაფერი მოეცა ჩემთვის ჯილდოდ, ესეც კმაროდა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო. როცა სცენაზე დგახარ, კითხულობ ლექსს, დარბაზიდან გყვებიან და შენი ლექსები ზეპირად იციან, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ასეთი ადამიანი ბევრია და მე მინდა მათ ვუთხრა, ყველა მათგანი ჩემთვის დაუწერელი ლექსია და ალბათ აუცილებლად დაიწერება.

-მამაო, თქვენ ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში, ხშირად ეხმაურებით ხოლმე სხვადასხვა მოვლენებს „ფეისბუქზე“ ე.წ. პოსტების საშუალებით, რაც ბევრში შეიძლება ქილიკს იწვევდეს. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში სასულიერო პირი ასეთი აქტიური იყოს სოციალურ ქსელში და რისი თქმა გინდათ ხოლმე თქვენი პოსტებით საზოგადოებისთვის?
-საზოგადოებისთვის რაც მიუღებელია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ის აზრი და შეხედულება რაც გაგაჩნია, ხმამაღლა არ უნდა გამოთქვა. საზოგადოების წყენას ყოველთვის იწვევს სიახლე, დაძველებული სტერეოტიპების მსხვრევა, თანამედროვე გაჭრილი სარკმლიდან ამ ყველაფერის დანახვა და შემდეგ უკვე ამ ყველაფრის თქმა და გადმოცემა. რა თქმა უნდა ბევრში იწვევს გაღიზიანებას, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ტრაგედია და პრობლემა. რწმენის შემთხვევაშიც კი ურთიერთგამომრიცხავ აზრებს და შეხედულებებს ვაწყდებით. შეიძლება ტაძარში 10 ადამიანი იდგეს და რომ კითხოთ ყველა მათგანს სხვადასხვანაირად აგიხსნით რა არის მისთვის რწმენა და ღმერთი. გარდა იმისა, რომ არსებობს დოგმატური მიდგომები, არსებობს ინდივიდუალური მიდგომებიც. ვიღაცისთვის მაგალითად, ძალიან მიუღებელია, რომ სასულიერო პირმა წეროს სიყვარულზე ლექსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის მართალია. თუმცა თავისი სულიერი ცხოვრებით და რელიგიურობით ამართლებს ამ ყველაფერს. მე ვთვლი, რომ იმ ადამიანს ვერ გაუგია რა არის რელიგიური ცხოვრება და სულიერი მდგომარეობა და სწორედ ამიტომაც აქვს ეს სისუტე, რასაც ვერ გადააბიჯა. რომ ვერ გადააბიჯა კიდევ იქიდან ჩანს, რომ სხვას აბრალებს ამ მდგომარეობას, არ სურს საკუთარ თავში ჩაიხედოს, და თუ რაღაცა არ მოეწონება გვერდი აუაროს და უბრალოდ გაატაროს. წმინდა მამები გვასწავლიან თუ ადამიანი არ მოგწონს ილოცე მასზე, გაჩუმდი და ნუ განიკითხავ. მაგრამ ქვების და ტალახის სროლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ დამახინჯებულ სულიერ მდგომარეობას. ძალიან ბევრი ვინმე და რამე არ მომწონს, მაგრამ ეს საერთოდ არ მაძლევს იმის უფლებას, რომ დავდგე ქუჩაში და ვლანძღო ვიღაცა.

interviu 5

-მამა პეტრე თბილისში ბოლო პერიოდში დატრიალებულ სტიქიაზე და ტრაგედიაზე მინდა ვისაუბროთ. ბევრი ამას ღვთის სასჯელს მიაწერს, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდება და მსგავსი შეფასებები წავიკითხეთ…
-ყველა ეპოქას თავისი აპოკალიფსური ნიშნები ჰქონდა. აი მაგალითად, როდესაც არაბობა დაიწყო მსოფლიოში მე-7 საუკუნის დასაწყისისათვის, და პრაქტიკულად მერვე საუკუნეში ჰეგემონობა არაბებს ეპყრათ, მაშინ თვლიდნენ რომ ეს იყო ბოლო ჟამი. მეცამეტე საუკუნეში როდესაც დაიწყო მონღოლთა შემოსევები, თვლიდნენ რომ ეს იყო ბოლო ჟამი. 21-ე საუკუნეში როდესაც ხდება ასეთი სტიქიური უბედურებები და უფრო მეტი ვიდრე სტიქია, შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს არის ბოლო ჟამი. ნებისმიერი ადამიანისათვის საპასუხისმგებლოა მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მისი უკანასკნელი ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი იყოს მის ცხოვრებაში, რის გამოც მან შეიძლება ღვთის თვალში მადლიც დაიმსახუროს ან რისხვა აიკიდოს. ღმერთი არ სჯის ადამიანს. არამედ ადამიანი საკუთარი ცხოვრების წესით თვითონ ისჯის თავს. როცა ასეთი განუკითხაობაა, ასეთი ანარქიაა, ასეთი ქაოსია და ასე გადაგვიარა სტიქიურმა უბედურებამ, მე არ მსურს იმის მოსმენა ვიღაც ე.წ. მრევლისგან თუ ინტელექტებისაგან, რომ ეს სხვისი ცოდვების ბრალია და უნდა გამოისყიდონ. ეს არის ძალიან ავადმყოფური მიდგომა. მოდით სჯობს ვთქვათ, რომ ეს ყველა ჩვენთაგანის ბრალია, ჩვენ გამოვიწვიეთ ეს ტრაგედია, ეს უბედურება. არ ვიკმარეთ და ახლა უარესს ვაკეთებთ რამდენადაც გადავედით ერთმანეთის დადანაშაულებაზე, პილატე პონტოელივით ერთმანეთს ვახოცავთ ხელს. სანამ ადამიანი არ მიხვდება თუ რაში მიუძღვის ბრალი, რაში შეცდა, მანამდე არასდროს არაფერი გვეშველება და შეიძლება უარესიც მოხდეს.

-პატრიარქის განცხადებას ზოოპარკის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა და მართლაც საზოგადოების ორად გაყოფა მოჰყვა. თქვენ როგორ განუმარტავდით საზოგადოებას პატრიარქის განცხადებას?
-მისი უწმინდესობა არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად სტკივა მისი ქვეყნის მდგომარეობა, ეკლესიის მდგომარეობა. ნურავინ იტყვის იმას, რომ უწმინდესზე მეტად ვინმეს ეტკინა ის რაც მოხდა ქვეყანაში. ამხელა ტრაგედია, რაც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში, ასე უკვალოდ არ ჩაივლის. რა თქმა უნდა რაც მოხდა არასწორი სულიერი ცხოვრების ბრალია. რასაც მისი უწმინდესი ბრძანებს არ შეიძლება ზერელე და ზედაპირული იყოს, უბრალოდ ამ განცხადებისადმი გაგება და მიდგომაა არასწორი. როდესაც მაგალითად, მე მინდა ფანჯარა გამოვაღო, გადავხტე და ამას ფრენა ვუწოდო, ეს არ იქნება ფრენა, ეს იქნება თვითმკვლელობა. მაგრამ შეიძლება მე ამას არ ვეთანხმებოდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თუ არ ვეთანხმები ეს თვითმკვლელობა არ არის. უბრალოდ მიღება მიჭირს და ვუწოდებ ფრენას. ამიტომ ეს არის ჩემი ბრალი და არა იმის ბრალი, ვინც ამას თვითმკვლელობა უწოდა. ამიტომ რაც თქვა უწმინდესმა ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან მტკივნეული გასაგები და აღსაქმელი იყოს, თუმცა ეს შეიძლება იყოს სიმართლე. ხშირად ადამიანებს არ უყვართ სიმართლის მოსმენა. მათ ურჩევნიათ მთელი ცხოვრება იყონ ტყუილებში. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ეს ყველაზე დიდი სიმართლე იქნება, როცა საკუთარ თავს გამოაფხიზლებ და ღმერთს, სახარებას და ეკლესიას არ დააბრალებს საკუთარი აგრესიის რეალიზებას.

-თქვენი რამდენიმე პოსტი წავიკითხე სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით…წყალწაღებული ქალაქი, მგლებში ჩაძირული ქალაქი… ბევრი რამე შეიძლება ამოიკითხოს ადამიანმა ამ ორ-სამ სიტყვაში. თქვენ რას გულისხმობდით როცა ამას წერდით მამა პეტრე?
-ვგულისხმობდი იმას, რომ ჩვენი ქალაქის ის ნაწილიც, რომელიც პრაქტიკულად გადარჩენილია წყალს აქვს წაღებული. თითქოს ამ უბედურებითაც კი ერთობოდნენ ვიღაცეები, ეს იყო ძალიან მტკივნეული ჩემთვის. შეიძლება ადამიანმა ყველაფერზე იხუმროს, მაგრამ სიკვდილთან ხუმრობა ძალიან საშიშია. მით უფრო, როცა ასეთ ტრაგედიას ძალიან ლამაზი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვთვლი, რომ ეს არის ქალაქის ტრაგედია. ეს არ არის მხოლოდ იმ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ვისაც მეწყერი შეეხო. მე დავინახე ძალიან სამწუხარო ფაქტი, პრესა თუ ტელევიზია თავიანთი რეიტინგების ასამაღლებლად იყენებდნენ და სწორედ აქედან გამომდინარე აშუქებდნენ ყოველწამიერად სტიქიის ეპიცენტრებს. საზოგადოება ისედაც დათრგუნული და დამძიმებულია და ამაზე მუდმივად აპელირება არ არის სწორი. ყველამ დავინახეთ თუ რაოდენ მძიმე სულიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ტრაგედია მოხდა, მაგრამ მთავარი ერთია, რას ვისწავლით ამ ტრაგედიისაგან რომ იგივე შემდეგშიც არ განმეორდეს.

unnamed (24)

-და ბოლოს, მამაო რას ეტყოდით იმ ადამიანებს რომლებიც ჯერ კიდევ არ ცხოვრობენ ეკლესიურად?
-მათ აქვთ იმ განძის პოვნის შანსი, რასაც მთელი ცხოვრება ეძებენ და სახელს ვერ არქმევენ. ეს განძი გამოქვაბულში არ არის დამარხული და დამალული, ცხვირწინ დევს. უბრალოდ ამას დანახვა უნდა. დანახვა სიყვარულის ინტუიციაა, დანახვა ბურუსში…..

 

ესაუბრა თამთა გერგედავა

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მთავრობამ შემოსავლების სამსახურს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ინსპექტირების რენტგენოსკანერი (VACIS XPL) გადასცა
შემდეგი სტატიასოსანაშვილის ადვოკატი: ეს არის თითიდან გამოწოვილი დაზუსტებული ბრალი