მალხაზ პატარაია: ჩააბარეთ ანგარიში საზოგადოებას თქვე პარაზიტებო

,,მოსვენებას არ მაძლევს 13 წლის გალელი ირაკლი ცაავას ტრაგედია ენგურის ხიდზე. დიდი ხანია ვყვირით, მიხედეთ ჩვენს დაბეჩავებულ გალელ თანამემაულეებს-თქო, მაგრამ ვინ მოგისმინა. სიბრაზისაგან ყელში ბურთი გებჯინება ამ გულგრილი გარემოს გამო.
უკეთესად სუნთქავენ თურმე დღეს გალელები,-ასე გამოეხმაურა ჩვენს მორიგ განგაშის ზარებს 14 აპრილს ,,სასახელო“ მინისტრი ზაქარეიშვილი. აფხაზეთის მთავრობა კიდევ, საკუთარ თავს ლეგიტიმურს რომ უწოდებს, საერთოდ დამუნჯებულია გალელთა პრობლემების მიმართ და იმ დღეს ვარიანში წაბრძანდა წერა-კითხვის გასახსენებლად.
არადა, ამას წინათ არ იკვეხნიდნენ გალში მილიონის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გავაგზავნეთ, კიდევ 2 ცინცხალი რეანიმობილი და ექიმებსაც უხვად ვაფინანსებთო. კლიპიც გადაიღეს ამ თემაზე საკუთარი თავის განსადიდებლად. რატომ არ მოხერხდა ამ ბავშვის შველა ადგილზე. რატომ არ არის გალის საავადმყოფოში რეანიმაციული განყოფილება. სად წავიდა აპარატურა და რეანემობილები. რას აკეთებს ამ საავადმყოფოში ექიმები, თუკი რეანიმაციული განყოფილება არა აქვთ.
ჩვენი ინფორმაციით, არავითარი აპარატურა იქ ჩატანილი არ არის. რენტგენისა და ნარკოზის აპარატი გარდა, რომელიც იმდენად ძველისძველი იყო, ვერც კი ააწყვეს და საავადმყოფოს ეზოში ყრია. იმ ორი რეანემობილიდან კიდევ ერთი იმავე ეზოში დგას ქანდაკებად, რადგან არ ჰყავთ რეანემატოლოგი, ხოლო მეორე ხაჯიმბამ იფეშქაშა და სადღაც გაგრისაკენ გააქანა. ეჭვი მაქვს, ჯანდაცვის პროგრამები გალში სხვა არაფერია, თუ არა დიდი შავი ხვრელი, რომლიდანაც გულაგის ინკვიზიტორები და ჩვენი ჩინოსნები ერთობლივად მსუყედ იკვებებიან.
ნაცვლად იმისა, რომ აფხაზთა კრების ორგანიზაციების სამართლიან კრიტიკაზე აფხაზეთის მთავრობის მინისტრები ბღუჯა-ბღუჯად გამოვარდნენ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახოტბოდ, იქნებ ამ კითხვებზე გვიპასუხონ. სად მიგაქვთ 14 მილიონი და კიდევ სხვა სახსრები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან მოგდით სხვადასხვა პროგრამაზე.
ჩააბარეთ ანგარიში საზოგადოებას და შემდეგ უჩუმრად გაქრით რადარიდან, თქვე პარაზიტებო,, წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკური ორგანიზაცია ,,დაბრუნებას,, ლიდერი მალხაზ პატარაია.

banner
წინა სტატიაშიმარი ლე პენის სკანდალური განცხადება ჩეხეთში
შემდეგი სტატიამეფემ თანაშემწე მას შემდეგ გააგდო, რაც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტს სილა გააწნა