მაკკეინი სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების მოთხოვნით შეშფოთებულია

სენატორი ჯონ მაკკეინი მიმართავს ინტერპოლს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ. შესაბამის მიმართვას სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე ავრცელებს. სენატორი მოუწოდებს ინტერპოლის გენერალურ მდივანს, სანამ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნას დაიწყებენ, მოთხოვნას გადახედონ, რადგან როგორც ეუთოს ანგარიშში წერია, საქართველოში კანონი სისტემატურად ირღვევა.

“ინტერპოლი თამაშობს გადამწყვეტ როლს მსოფლიოში კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლასა და მათ გასამართლებაში. თქვენი სისტემა და პროცესები არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი მსოფლიოში გაქცეული პირების დაპატიმრებაში და ამიტომ გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერასა და მადლიერებას.

თუმცა, შეშფოთებული ვარ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოთხოვნის გამო, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემატოს ინტერპოლის მიერ საერთაშორისოდ ძებნილ პირებს. როგორც იცით, ინტერპოლის სახელი შეილახება, თუ მას ბოროტად გამოიყენებენ ისეთ საქმეებში, რაც საერთაშორისო სტანდარტებით ასეთ ქმედებებს არ საჭიროებს.

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში ველით უმაღლესი სტანდარტის კანონიერი პროცედურების ჩატარებას. თუმცა, არსებობს სარწმუნო ბრალდებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს სწორი საგამოძიებო პროცედურები არ მოჰყოლია. ამაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები ეუთოს ჩათვლით. ორგანიზაციის ანგარიშში საუბარი საქართველოში კანონის სისტემატურ დარღვევებზე იმის საფუძველს იძლევა, რომ სააკაშვილის საქმის ყურადღებით შესწავლაა საჭირო, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ.

ასევე არსებობს შეშფოთება, რომ ბრალდებები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. ეუთოს და ODHIR-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და ათობით ყოფილი მაღალჩინოსნის გასამართლება ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ ხასიათს.

ინტერპოლის წესდების მესამე მუხლი კრძალავს იმ საქმეების დაწყებას, რასაც გარკვეულწილად პოლიტიკური ხასიათი აქვს. ეს მუხლი სპეციფიკურად პრევენციას უკეთებს მთავრობებს სისტემის ბოროტად გამოყენებისგან.

სანამ სწორი კანონიერი პროცედურები ჩატარდება და შეშფოთებები ბრალდებების პოლიტიკური ბუნების შესახებ შესუსტდება, მოგიწოდებთ გადახედოთ საქართველოს მოთხოვნას, სანამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაპატიმრების საერთაშორისო ორდერს მოამზადებთ. ინტერპოლის სანდოობისთვის არსებითია, რომ მისი სისტემა არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის“, – წერს მაკკეინი.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში მამაკაცმა ბანკის ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღებია, თუკი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში წარიმართება