,,მათ, ვინც ვერ გაიგო, რატომ ვიცავ ანი ნადარეიშვილს,,

,,დღეს რა დროს ესაა, ბავშვებს გამოცდიდან ველოდები, მაგრამ მაინც არ შემიძლია გაჩუმება მას შემდეგ, რა ომიც გადავიტანე იმ სტატუსზე კომენტარებში, რომელიც ანი ნადარეიშვილს და ზოგადად, ყველა პოლიტიკური ფიგურის, მათ შორის პატიმრის, ოჯახის წევრებს და მათ ხელშეუხებლობას ეხებოდა სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებების მხარდამჭერთა მხრიდან.
აგრესია და ღვარძლი, რომელმაც მე ამ “ბრძოლაში” რამდენიმე აქაური და რეალური მეგობარიც “დამაკარგინა”, იმედია დროებით, უპასუხოდ ვერ დარჩება…
მოგმართავთ ყველა აგრესიულ ყველანაირ “ისტს” და “არაისტს” თხოვნით, ყურადღებით წაიკითხოთ, რასაც ეხლა დავწერ და მხოლოდ ამის შემდეგ დადოთ კომენტარი.
მათ, ვინც ვერ გაიგო, რატომ ვიცავ მე ანი ნადარეიშვილს და ზოგადად, პოლიტიკურ ფიგურათა, თანამდებობის პირთა თუ პატიმართა ოჯახის წევრებს;
მათ, ვინც ვერ გაიგო, რომ ადამიანი დამნაშავეა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მას ბრალეულობა დაუმტკიცდება;
მათ, ვინც არ იცის, რომ მოწინააღმდეგე მხარესაც უნდა მოუსმინო;
მათ, ვინც ადვილად ექვემდებარება ტვინების ზომბირებას ნებისმიერი ხელისუფლებისგან;
მათ, ვისაც საკუთარი აზრი, თუნდაც თავსმოხვეული, ურჩევნია სიმართლეს;
მათ, ვისაც არ ესმის, რომ მსხვერპლის და ბრალდებულის ოჯახის წევრების რეაქცია ყოველთვის სუბიექტურია და ემოციური;
მათ, ვისაც არ ესმის, რომ რაც მეტი უსამართლობა გაქვს გადატანილი, მით უფრო უნდა გაუფრთხილდე სამართალს ყველასთვის;
მათ, ვინც გადაწყვიტა, რომ თუ ჩემი ქმარი გია ჭანტურია იყო, ამიტომ მე უფრო მეტი უფლება მქონდა, ჩემი ქმარი მყვარებოდა, ვიდრე ანი ნადარეიშვილს;
შევახსენებ:
დღემდე არიან ზვიადისტების ის აგრესიული წარმომადგენლები, რომლებიც ადრეც და დღესაც, უკვე ზოგი ქოცის და ზოგი ნაცის მანტიით, გია ჭანტურიას და მე მკვლელობებს და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ და საშინელი ეპითეტებით გვამკობენ. სულ ცოტა ხნის წინ მედო სტატუსად ერთ–ერთი ასეთი ქალბატონის გამონათქვამები ჩემს მიმართ, როცა დაწერა, რატომ შენს მოღალატე ქმართან ერთად არ ჩაძაღლდიო… გახსოვთ ალბათ…
ეხლა მე თქვენ გეკითხებით, გააფთრებულო ქოცებო, რით განსხვავდება ეს იმისგან, რაც ზოგიერთმა თქვენგანმა ანი ნადარეიშვილის მიმართ იკადრა???
ოღონდ არ მითხრათ, რომ გია ჭანტურია და ბაჩო ახალაია სხვადასხვა ფიგურები არიანო! უთქვენოდაც ვიცით მეც და, ალბათ, ანიმაც, ვინ ვინ არის. ყველას ჩვენ–ჩვენი ადგილი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ქმრები, მამები, შვილები ყველას საკუთარი გვირჩევნია სხვისას!
სიმართლეც ყველასი ერთნაირად უნდა დადგინდეს!
დაზარალებულიც ყველა ერთნაირად ცოდოა!
როგორც ზოგიერთ ზვიადისტს არ უნდა არაფრის გაგება და ჯიუტად ჩვენ ზვიადის მკვლელობას და ათას უბედურებას გვაბრალებს, ისე შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე და ყველაფერზე! ამაზე არ გიფიქრიათ???
და ესეც რომ არ იყოს, რა შუაში არიან ოჯახის წევრები?!!!
რა პასუხს მაძლევს მე ერთი ჩემი ახლობელი ქალბატონი, რომელმაც კომენტარში განაცხადა, ანი თავის ქმართან მიწაში უნდა ჩავაწვინოთო???
რა განსხვავებაა მათ შორის, ვინც მე მისურვებს სიკვდილს ან ანის ან ნებისმიერ სხვას???
კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ხვდებით!
და თუ ეხლაც ვერ მიხვდით, არ არის აუცილებელი თქვენი კაცთმოძულე, აგრესიული, შხამით სავსე კომენტარები დადოთ ან ჩემი, ან ვინმე სხვის მიმართ!
უბრალოდ, წადით!
წადით აქედანაც და ცხოვრებიდანაც!
მე მორიელებთან ურთიერთობა არ შემიძლია! არანაირი!
და სანამ წახვალთ, ერთ რამეს შეგახსენებთ: მორიელი, როცა არავინ აღარ რჩება დასაკბენი, საკუთარ თავს კბენს და კლავს!
დარჩებით ამ აგრესიაში ყოველთვის და ყველაფერში “მართლებო”?
თქვენი ბოლოც ასეთი იქნება!
არც გირჩევთ და არც გისურვებთ!
არჩევანი თქვენზეა!
მე ადამიანებთან ვრჩები, მათთანაც, ვისაც ვეთანხმები, მათთანაც, ვისაც არ ვეთანხმები, მაგრამ ადამიანებთან!
P.S. და კიდევ ერთი, აგრესიულებო: სანამ ღრმად ჩაფიქრდებით, კარგად გაიხსენეთ, რომ გამსახურდიას 89%–ით არჩევის შემდეგ 10 თვეში შევარდნაძე 92%–მა აირჩია, შემდეგ 95 %–მა სააკაშვილი აირჩია, შემდეგ კი არჩევნები ივანიშვილმა მოიგო! და ყველა, ვინც ჩამოვთვალე ამომრჩევლისთვის ერთმანეთის მტრები იყვნენ! მიხვდით მაინც რომ საქართველოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთი ამომრჩეველი ყავს ყველას??? ხოდა თუ მიხვდით, ჭამეთ ერთმანეთი ყველაფერში მართლის ძებნაში!
ჩვენ, ადამიანებს, თავი დაგვანებეთ!,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: საქართვლოს ფლირტი რუსეთთან არის ის ზიანი, რომელიც საქართვლოს ივანიშვილმა მოუტანა
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე ფინანსთა მინისტრს მატყუარას უწოდებს