ლუდის მწარმოებელი კომპანიები აქციზის გადასახადის ზრდას აპროტესტებენ

ლუდის მწარმოებელი კომპანიები აქციზის გადასახადის ზრდას აპროტესტებენ. „ნატახტარი“, „კასტელ საქართველო“ და „ზედაზენი“ აქციზის 50-პროცენტიან ზრდას უარყოფითად აფასებენ.

კომპანიებში ამბობენ, რომ აქციზის ღირებულების ზრდას მინიმალური ეკონომიკური ეფექტი ექნება ბიჯეტისთვის და უარყოფით შედეგებს მოუტანს ბიზნესკომპანიებს.

ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების თქმით, აღნიშნული ცვლილება გააძვირებს პროდუქციას, რაც მომხმარებლის რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ასევე არ გამორიცხავენ, რომ მოხდეს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაც.

„ნებისმიერი მთავრობა, ვისაც აქვს რაიმე ამბიცია ეროვნულობაზე, რომ იცოდეს ვითარება იმ დარგში, რომელიც 97%-მდე ადგილობრივ წარმოებას უჭირავს, ასე არ მოიქცეოდა. ჩვენ შევეცდებით, რომ არ გავუშვათ არავინ სამსახურიდან, მაგრამ მოგვიწევს უარი ვთქვათ განვითარების გეგმებზე, ახალი ხალხის აყვანის გეგმებზე, კაპიტალის ინვესტიციის გეგმებზე და რა არის სხვა, თუ არა ეს, რაც ამოძრავებს ქვეყნის ეკონომიკას,“ – განაცხადა კომპანია „კასტელ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ზაუტაშვილმა.

ლუდის კომპანიების პროტესტს ფინანსთა სამინისტროში უსაფუძვლოს უწოდებენ და გადაწყვეტილებას ევროსტანდარტების რეგულაციით ხსნის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, აქციზის გაძვირება მოხდა არა მხოლოდ ლუდთან, არამედ თამბაქოსთან და სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში და ეს ერთის მხრივ იყო ევროკავშირის მოთხოვნა,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლუდზე აქციზის გადასახადის 50-პროცენტიანი ზრდა პირველი მარტიდან არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიკორტების საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატია7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი პერმიაკოვს რუსეთში გაასამართლებენ