ლენტეხში ახალი კლინიკა აშენდება

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

ლენტეხში ახალი კლინიკა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურის რაიონში, კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ადგილობრივ ბიზნესმენებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სხვადასხვა სექტორში განხორციელებული სამუშაოები გააცნო.
მისივე განმარტებით, კლინიკა 15-საწოლიანი იქნება და მისი მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
“ჯანდაცვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რეგიონის 4 რაიონულ ცენტრს გადავეცით ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. ასევე გაიხსნა 4 ახალი ამბულატორია. მიმდინარე წლის მაისში კი ლენტეხში იწყება ახალი 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა და უკვე წლის ბოლოს ადგილობრივებს ექნებათ ახალი საავადმყოფო. ამ რეგიონის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ ამ მხრივაც შევუქმნათ პირობები”, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მთავრობამ ჯამურად, 62 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია მოახდინა.
“ჩავატარეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები, დავასრულეთ ლენტეხისა და ამბროლაურის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, აღვადგინეთ ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობა, განვახორციელეთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტები ამბროლაურსა და ონში.
ჩვენ ვაგრძელებთ ონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს 14 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტში და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
რაც შეეხება ენერგეტიკულ პროექტებს, ჩვენ ვახორციელებთ პროექტს, რომლის შედეგადაც სრულად იქნება გაზიფიცირებული ქალაქი ონი და ონის მუნიციპალიტეტის სოფლები: ხურუთი, ლაჩთა, შეუბანი, ღარი და ნიგვზნარა.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 ათას 400 ოჯახს. ქალაქ ონისა და მისი მიმდებარე სოფლების სრული გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება წელს ოქტომბერშია დაგეგმილი.
გაზიფიცირების ამ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლოსთვის სამუშაოები დასრულდება საქართველოს მასშტაბით 75 სოფელში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განათლების სექტორზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ მთავრობამ აღადგინა 71 სკოლა და 1 პროფესიული სასწავლებელი.
“მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს 19 სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია.
ასევე მინდა გითხრათ იუსტიციის სფეროში დაგეგმილი პროექტების შესახებ. 2016 წელს იგეგმება იუსტიციის სახლის მშენებლობა ონში და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ცაგერში.
მოგახსენებთ ასევე კულტურის სფეროში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. გასულ წელს ჩავატარეთ ხვამლის მთის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების ინვენტარიზაცია. ასევე, ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად გამოვიკვლიეთ ნიკორწმინდის ტაძრის მდგომარეობა. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უყურადღებოდ არ დატოვებს არც ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ყველაფერს გააკეთებს მათ გადასარჩენად”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელებული პროექტები გააცნო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – პროექტს “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” რეგიონების გამოცოცხლება უნდა მოჰყვეს